Sunday, October 25, 2015

სქესობრივი დისკრიმინაცია




 
„შეხედე, შეხედე ქალი ტაქსისტი იყოო! ხშირად გამიგია გამვლელების ხმა“ . 
ტაქსის ტრაფარეტით მოსიარულე მარი დორეულის დანახვისას თბილისის მოსახლეობას ექვსი წლის განმავლობაში ერთი და იგივე რეაქცია აქვს. იბნევიან, აშტერდებიან და ეღიმებათ. 

თბილისის ქუჩებში იმის გასარკვევად გავედით, არსებობს თუ არა ქალაქის მოსახლეობაში სტერეოტიპი სამუშაოსთან დაკავშირებით და ასეთი შედეგი მივიღეთ: რუსთაველისა და მელიქიშვილის გამზირზე გამოკითხული 50 ადამიანიდან 15 თვლის რომ ქალსაც და კაცსაც ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია. 35 ადამიანის აზრით ზოგი პროფესია სრულიად შეუფერებელია  ქალისთვის, ხოლო  კაცისათვის შეუსაბამო საქმის გახსენება მათ ძალიან გაუჭირდათ.

ქალისათვის შეუფერებელი საქმე მარტივად და უცებ გამოიკვეთა. პროფესია, რომელიც ფიზიკურ შრომასა და ძალას მოითხოვს - მშენებელი. ეს ყველაზე ხშირად მიღებული პასუხი აღმოჩნდა. მეორე ადგილი ქალ ტაქსის მძღოლს უჭირავს, ხოლო მესამე ადგილი მოკრივე ქალებს.

საქართველოში მშენებლობაზე მომუშავე ქალს მართლაც იშვიათად შეხვდებით. ტაქსის გამოძახების სააგენტოებსაც იშვიათად თუ ჰყავთ მანდილოსანი მძღოლი, მაგრამ არსებობენ გამონაკლისები, მაგალითად  „ავტოგაზი ნოსტალგია“, სადაც ერთდროულად სამი ქალი არის დასაქმებული: ელენე, შორენა და მანანა. სააგენტოში მიღებული ინფორმაციით, კლიენტი ხშირად ხაზგასმით მოითხოვს, რომ მათ სწორედ ამ სამი ქალბატონიდან ერთ-ერთი მოემსახუროს. ანაზღაურება ელენეს, შორენასა და მანანას ზუსტად იმდენივე აქვთ, რამდენიც მამაკაც ტაქსის მძღოლებს.

მარი დორეული ტაქსისტად  სააგენტოს გარეშე მუშაობს. რთული გრაფიკი აქვს. სახლში მოზარდი შვილი ჰყავს, რომელსაც მარტო ზრდის. ყოველ ღამე რუსთავიდან თბილისში უწევს სამუშაოდ ჩამოსვლა, მაგრამ არ თვლის რომ ქალისთვის განსაკუთრებულად მძიმე საქმეს არის შეჭიდებული.  მარის თქმით ქართველი კაცები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ის მანქანას განსაკუთრებულად კარგად მართავს. „ქალი ხარ და ასე კარგად როგორ ატარებო, მეუბნებიან ხშირად“ - ამბობს მარი დორეული.

 ქალ მოკრივეებს რაც შეეხებათ, სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, ფედერაციაში მსურველები გამოჩენილან, მაგრამ სტაბილური სახე მათ ვარჯიშს არ მისცემია, თუმცა გვყავს საქართველოს ქალ რაგბისტთა ნაკრები, 19-დან 25 წლამდე გოგონებით დაკომპლექტებული. ასევე სამბოს (თანამედროვე საბრძოლო ხელოვნება) და ძიუდოს მიმდევარი 10-მდე ქალი. მათგან ნინო ოძელაშვილმა 2012 წელს მსოფლიო ჩემპოიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. იმავე წელს ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილას ირინე ლეონიძე გავიდა, მესამე ადგილი კი შორენა შარაძემ დაიკავა. 

თუმცა, დაბრკოლებებს ქალები სპორტის ფედერაციაშივე შეიძლება გადააწყდნენ, რადგან ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი, რამაზ გურგენიძე საქართველოში ძალოსანი ქალების არსებობის წინააღმდეგია. მისი თქმით ფიზიკური დატვირთვის შედეგად  ქალისთვის ბავშვის გაჩენა თითქმის შეუძლებელი ხდება. 
„დღეს საქართველოს გამრავლება უფრო ესაჭიროება ვიდრე ძალოსანი ქალები.“ - ამბობს რამაზ გურგენიძე. 

ამ საკითხთან დაკავშირებით გინეკოლოგ სოსო ღოღობერიძეს განსხვავებული აზრი აქვს. „ქალისათვის, რომელიც სიმძიმეს წევს, მშობიარობა არც შეუძლებელია და არც რთული. შეიძლება მოხდეს საყრდენი აპარატის მოშლა რაც ნიშნავს საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის დაწევას, მაგრამ ეს ნამდვილად არ წარმოადგენს ისეთ სირთულეს, რომ ქალმა ბავშვი ვერ გააჩინოს.“ - გვითხრა სოსო ღოღობერიძემ. შეგახსნებეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსან ქალთა შორის 1986 წლიდან იმართება. 

საქართველოში ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრის დამფუძნებლის, ლიკა ნადარაიას აზრით დღეს საქართველოში დასაქმებული ქალების თვიური ანაზღაურება, მამაკაცის ხელფასის ნახევრის ტოლია. მისი თქმით სკოლებში მასწავლებლები ძირითადად ქალები არიან, როდესაც ასეთ დაწესებულებებს კაცები მართავენ; ქალები წვრილი ბიზნესით შემოიფარგლებიან, ხოლო მსხვილი ბიზნესი კაცების ხელშია; სამედიცინო სტრუქტურებში სანიტრები და ექთნები ქალები არიან, მთავარი ქირურგები კი კაცები.
„ქალისა და კაცის საშუალო ხელფასს შორის განსხვავების მიზეზი  არის არა ის, რომ მათ ერთი და იგივე საქმის შესრულებაში სხვადასხვა ანაზღაურება აქვთ, არამედ სწორეს ის, რომ ქალი ძალიან იშვიათად აღწევს მაღალ თანამდებობას.“ - ამბობს ლიკა ნადარაია და თვლის, რომ თუკი ხალიჩის ბერტყვა ქალისათვის მისაღები და ბუნებრივია, შესაბამისად  მშენებლობაზე მუშაობაც მიზანშეწონილი უნდა იყოს.  „თუ ქალისთვის სახიფათოა ღამე ტაქსით სიარული, მისი პროტექცია დისკრიმინაციაში კი არ უნდა გამოიხატოს, უსაფრთხო გარემო უნდა შეიქმნას“ - ამბობს ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრის დამფუძნებელი. 

თუმცა ლიკა ნადარია იმასაც უსვავს ხაზს, რომ  მისი ორგანიზაციის მსგავსი ქალთა მოძრაობები უკვე იკიდებს ფეხს საქართველოში და მათი მუშაობის შედეგი ნელ-ნელა ვლინდება. ქალები უკვე შეიძლება სამხედრო სამსახურში, პოლიციასა და პოლიტიკაშიეს ვიხოლოთ, ეს კი მისი აზრით, საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

                                                                                           

Tuesday, October 8, 2013

თბილისი - არასპორტული ქალაქი


„თერთმეტი წელია ამ სპორტს მივსდევ. უკვე 5 წელია მოსწავლეებიც მყავს, მაგრამ სულ რამდენიმე მათგანი ვარჯიშობს „ალპური კლუბის“ გახსნიდან დღემდე. სერიოზული პრობლემა დგას - ერი არასპორტულია.“ - ამბობს მეკლდეური გუგა დაბრუნდაშვილი.


თბილისის ტერიტორიაზე დღეს ჩვიდმეტი საცურაო აუზი, თერთმეტი სპორტული კომპლექსი და შვიდი ჩოგბურთის კორტია. ჭავჭავაძის გამზირზე დასმულ კითხვას - მისდევთ თუ არა რაიმე სახეობის სპორტს კი - ორმოცდაათი ადამიანიდან ორმოცდაათივე პასუხობს, რომ არა.


სპორტული კომპლექსი „სისაიდი“-ს ადმინისტრატორის, თაკო გამყრელიძის თქმით, აუზზე სისტემატიურად ძირითადად ოცდაათ წელს გადაცილებული კლიენტები დადიან. აქ ერთთვიანი აბონიმენტი ას ხუთი ლარი ღირს, ერთჯერადი შესვლა კი თხუთმეტი ლარი. „ვაკის საცურაო აუზის“ სტაბილური მოცურავეებიც საშუალო ასაკის არიან. აბონიმენტი ერთწლიანია და შეუზღუდავი პაკეტი სამიათას ოთხას ოთხმოცი ლარი ჯდება, ერთჯერადი შესვლა კი ოთხმოცდაათი ლარი. „კლუბი 71“-შიც ყველაზე დიდი მოთხოვნა აუზზეა, სადაც წლიური აბონიმენტი ათას ას ოთხმოცდაათი ლარი, ხოლო ერთდღიანი მომსახურება სამოცი ლარი ღირს. აქაც, აუზით უფრო მეტად საშუალო ასაკის ქალბატონები სარგებლობენ.

უფასოა კუს ტბაზე ვარჯიში, თუმცა ახალგაზრდებს, ვერც ამ ტერიტორიაზე შეხვდებით. მარინა დვალი შატბერაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს, საიდანაც კუს ტბაზე ფეხით ადის, შემდეგ კი ტბის გარშემო ბილიკს სამჯერ, ან ოთხჯერ არტყავს წრეს. 


„შვილიშვილებს სკოლაში რომ ვაცილებ, შემდეგ ყოველ დილით აქ ამოვდივარ. თავიდან, წონაში დასაკლებად დავიწყე სიარული, ეხლა კი ერთი დღეც აღარ შემიძლია რომ ჩავაგდო. ეს ადგილი ნამდვილი საჩუქარია. სუფთა ჰაერი, ბუნება და სიწყნარე ქალაქის ცენტრში. იდეალურია სავარჯიშოდ.“ - ამბობს მარინა დვალი.

სოსო თოდაძეც სამსახურამდე ყოველ დილით კუს ტბაზე ადის. დარბის და ტრენაჟორებზე ვარჯიშობს. „მე ახლოს ვცხოვრობ, ამიტომ ყოველთვის ფეხით ამოვდიოდი, მაგრამ მერე გზაზე მანქანების გამონაბოლქვმა შემაწუხა, ამიტომ ეხლა მეც მანქანით დავდივარ. ისე,  ხალხმრავლობა აქ მხოლოდ მზიან ამინდშია, როდესაც საჭორაოდ და გასარუჯად ამოდიან ხოლმე.“ - ამბობს სოსო თოდაძე.

ბავშვებით და თინეიჯერებით არის სავსე „სითი სპორტის“ ჩოგბურთის კორტები. ჩოგბურთის მოყვარულთათვის აქ ორი დახურული, ორი ხელოვნური და სამი ქვიშის კორტია. მწვრთნელის, იუზა თარხნიშვილის თქმით მოთხოვნა არც ისე მაღალია. “რაოდენობრივად ყველაზე მეტნი ხუთიდან რვა წლამდე ბავშვები არიან, მაგრამ საერთოდ, თორმეტი-ცამეტი წლის ასაკში უკვე ანებებენ თავს.“
 „სითი სპორტში“ ვარჯიში თვეში ას ორმოცი ლარი ღირს.


კორტების გვერდით ფეხბურთის მოედანია. გუნდის უფროსის, კახა კაშიას თქმით, ფეხბურთზე მეტი მოთხოვნაა, ვიდრე ჩოგბურთზე. გადასახადი თვეში სამოცი ლარია, რაშიც  ინვენტარისა და ფორმის უზრუნველყოფაც შედის. ამ მოედანზე მხოლოდ ექვსიდან  თექვსმეტ წლამდე მოზარდებს შეუძლიათ ვარჯიში.

საფეხბურთო კლუბ „თბილისი დინამოს“ ექიმი, დათო ხარაბაძე არასპორტული ცხოვრების შედეგად გამოწვეულ საშიშროებაზე ლაპარაკობს:

“არასპორტული რეჟიმი, პირველ რიგში ორგანიზმში ქოლესტერინის მომატებას იწვევს, რისი გამოვლინებაც არის ჭარბწონიანობა, სუნთქვისა და გულის პრობლემები. ეს პრობლემები კი შესაძლოა ისეთ სერიოზულ დაავადებაში გადაიზარდოს, როგორიცაა მაგალითად გულ-სისხლძარღვთა დაავადება.“



კლდეზე მცოცავი გუგა დაბრუნდაშვილის თქმით პრობლემა ინფრასტრუქტურასა და ხარისხში არ მდგომარეობს.“ რა მოთხოვნაც არის სპორტის მიმართ, ის ხარისხია. თუ დაინტერესებული ადამიანი ბევრია, დარბაზების მასშტაბი და ხარისხი თავისთავად იზრდება, შესაბამისად, პრობლემა სპორტის მიმართ დაბალ ინტერესში მდგომარეობს. რესტორანი, რესტორანი გვღუპავს ჩვენ.“ - ამბობს გუგა დაბრუნდაშვილი.


Friday, May 3, 2013

სავსე ხიდი



„წლების მანძილზე ოჯახებში დაგროვილი ძველი ნივთები, ანტიკვარი, ყველაფერი - საზღვარგარეთ გადის. საქართველოში არაფერი რჩება“ -  ამბობს მშრალ ხიდზე ძველებური ჭურჭლის გასაყიდად  მისული რომან ზაქარიაძე. 

გურიაში უზარმაზარი სახლი და ოცდაცხრა წლის შვილი დატოვა, ცოლთან ერთად კი სამუშაოდ თბილისში ჩამოვიდა. დილა მისთვის ადრე იწყება. ცოლთან, ციცოსთან ერთად უამრავ ჭურჭელს ჩანთებში ალაგებს და მშრალ ხიდზე მოდის.

 ჭურჭლის ნაწილი საკუთარი ოჯახიდან მოაქვს, ნაწილს კი გაჭირვებულებისგან ყიდულობს იაფად. ყოველ დღე, საღამოს 6-7 საათამდე ქუჩაში სხედან რომან და ციცო ზაქარიაძეები. შეიძლება ორი კვირა ისე გავიდეს, ვერც ერთი ნივთი გაყიდონ, მაგრამ ხანდახან უმართლებთ.

 ციცო ზაქარიაძის თქმით, ადრე უკეთესი ვაჭრობა იყო, ბოლო თვეების მანძილძე კი კლიენტმა იკლო. საერთოდ, მათი თქმით, ამ საქმით ძალიან ძნელია თავის გატანა. ფული მხოლოდ საჭმელსა და გადასახადებზე ჰყოფნით. თანხის დაგროვებას ან ტანსაცმლის შეძენას ამ სამუშაოთი ვერ ახერხებენ. ამას გარდა, ბატონ რომანს განსაკუთრებულად ერთი ფაქტი აწუხებს: 

„ათ ლარად რომ ვიყიდი ნივთს, უცხოელი მოდის და ორ ლარს მთავაზობს. მე ათ ლარად მაქვს ნაყიდი და როგორ მივცე ორ ლარად... მაგრამ ვისაც ძალიან უჭირს, ის მაინც ყიდის და ეს საქონელი გადის საზღვარგარეთ. აზერბაიჯანში, თურქეთში, ირანში....“. 

მისივე თქმით, ქართველი საქონელს ვერ ყიდულობს, რადგან საკმარისი ფული არ აქვს. ქართველი მხოლოდ აბარებს ნივთებს. 

„ზოგს ბანკის ვალი აქვს, ზოგი გადასახადებს ვერ იხდის, ამიტომაც გამოაქვთ ქვაბი, ჭიქა, ყველაფერი, სანამ მთლიანად არ დაცლიან სახლს. მერე სახლსაც ყიდიან და რჩებიან ასე ჰაერში. ქართველი „კაპიკიან“ ქვაბს თუ იყიდის საჭმლის გასაკეთებლად, თორე დანარჩენი მთელი ქართული ძვირფასი ნივთები უცხოელებს მიაქვთ.“ - განიცდის რომან ზაქარიაძე.

ნელ-ნელა წვიმას იწყებს და ამიტომ ნივთები სწრაფად უნდა აალაგონ. გული სწდებათ. დღეს ხიდი უჩვეულოდ სავსეა მყიდველით. 

კოლექციონერი ზაური ვლადიკავკაზიდან თბილისში სპეციალურად მშრალი ხიდის დასათვალიერებლად ჩამოვიდა. ის ძველებურ ჭურჭელს, იარაღსა და კერამიკას აგროვებს. ამობს, რომ მოსვლისთანავე სახლში იგრძნო თავი.

 „ეს ადგილი სამოთხეა კოლექციონერისთვის. აქ ყველა სახის ნივთია: ქართული, საბჭოთა, რუსული. პირი ღია მრჩება!“ - ამბობს კოლექციონერი და ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად მოასწროს ყველა ნივთისთვის თვალის შევლება.  

ფოტოები ძველებურ ჩარჩოში, სამკაულები, ძველი წიგნები, დროშები, ძველი ფოტოაპარატები, ფარდაგები, დოქები, ნაქსოვი წინდები... აქ ძალიან ძველი სათამაშოს თავსაც კი შეიძლება წააწყდეთ. ყველაზე ხშირად სხვადასხვა ქვეყნის ფულს და ძველებურ მედალიონებს შეხვდებით. 

მიწაზე გაშლილ ერთ-ერთ „დახლზე“ უამრავი ფერადი შუშა, ნათურა და სარკის ნაწილი აწყვია, რაც წვიმის წვეთებსა და მზის სხივებს ირეკლავს. არკად ბერიძე ჭაღის ნაწილებს ყიდის. მეოთხე დღეა არცერთი თეთრი არ აუღია. ვერაფერი გაყიდა. ამბობს რომ თუნდაც ერთი წყვილი ფეხსაცმლის შესაძენად ხუთი-ექვსი თვის მანძლზე  შეიძლება დასჭირდეს მუშაობა. მისი ნივთები ძვირფასია, მაგრამ ხანდახან ათას ლარიან ჭაღს ას ლარად უტოვებენ. გული სწყდება, ძვირფას ნივთებს რომ ამდენად დაბალ ფასში ჰყიდის. ყველაზე რთული მისთვის ანტიკვარული შუშისა და იოლად მსხვერვადი ნივთების ყოველდღიურად აქეთ-იქით ტარებაა, რადგან გზაში ნივთები ხშირად იმსხვრევა. საბედნიეროდ, იქვე, ხეზეა მიყუდებული მისი „ლურჯა“. ასე უწოდებს ურიკას, რომლითაც ყოველდღიურად ჭაღის ნაწილები სახლიდან მშრალი ხიდისკენ მოაქვს. ახლოს ცხოვრობს, რამდენიმე შესახვევში. საკუთარ საქმეს თევზაობას ადარებს. 

„აქ ბედია მთავარი. კარგი ბედი უნდა გქონდეს და გაგიმართლოს. თან მტაცებელიც უნდა იყო. ზოგი ისეთია, არცერთ კლიენტს არ გაუშვებს ხელიდან. „ხიტრი“ უნდა იყო, „ხიტრი...“

არკად ბერიძის პირდაპირ ზურა გუდიევი რუსულ, ინგლისურ და ამერიკულ მონეტებს ყიდის. მას ყველაზე ფართე „დახლი“ აქვს, მაგრამ ისიც უკმაყოფილოა ვაჭრობით. ჩაფიქრებული დგას და ჩიბუხს ეწევა. მას მოწიწებით ელაპარაკებიან და რჩევას ეკითხებიან. უკვე ოცდაათი წელია ამ საქმით არის დაკავებული, ამიტომ პროფესორს უწოდებენ. 

„კარგი ვაჭრობა რომ იყოს, როგორ ფიქრობ, ამდენი მონეტა აქ მექნებოდა დალაგებული?“ - მპასუხობს წარბშეკრული და ურთიერთობაში შემოსვლას თავს არიდებს.

 მშრალ ხიდზე ყველას თავისი ადგილი აქვს. როგორც „პროფესორი“გუდიევი ამბობს, აქ ჯუნგლების კანონი მოქმედებს. თუ სხვის ადგილს დაიკავებ, მუშტიკრივი არ აგცდება. ახალმოსულებმა თავისუფალი ადგილი უნდა მოძებნონ, ამ შემთხვევაში „მასპინძლები“ მათ სიხარულით დახვდებიან. 

ერთი დაღმართით ქვევით, სადახლო ტერიტორია ფასიანია. ის სახელმწიფოს არ ეკუთვნის, კერძო პირის საკუთრებაა. 85 წლის ბატონი რობერტი ყოველთვიურად 160 ლარს იხდის. მას უფრო დიდი ნივთები დააქვს გასაყიდად: დოქები, დიდი ყანწები, ქვევრები და ამიტომ მანქანით უწევს გადაადგილება. მისი ნივთები უფრო ძვირად იყიდება, თან როგორც ამბობს, ფასიან ტერიტორიაზე მოვაჭრეებს მომავალში „ლილოს ბაზრობაზე“ გადაყვანას ჰპირდებიან, ამიტომაც უღირს 160 ლარის გადახდა თვეში.

უცხოელი დღეს მართლაც ბევრია მშრალ ხიდზე. ადამი და ვლადი სლოვაკეთიდან ჩამოვიდნენ რუსთავში ერთი თვით. მშრალ ხიდზე დაწყობილმა ბევრმა ნივთმა მათ ბაბუების ძველი მედალიონები და ჩაის ჭიქები გაახსენათ. 

„ასეთი ადგილი ჩვენც გვაქვს, იქაც ძირითადად ძველ საბჭოთა ნივთებს ჰყიდიან.“  - ამბობს ადამი. 

იტალიელი ანდრეა და ბრიტანელი ბეტი უფრო მეტად აღაფრთოვანა მშრალმა ხიდმა.  

„ეს სრულიად ფანტასტიკური ადგილია! ტურისტისათვის ქართული კულტურის დასათვალიერებლად საუკეთესო ვარიანტია“ -  ამბობს ბეტი. 

უცნაური კონსტრუქცია



საშინლად წვიმდა და მაინც და მაინც ამ თავსხმაში მომიწია მარჯანიშვილზე წასვლა. ტაქსის მძღოლს შევეცოდე და ვერის დაღმართს ბოლომდე ჩაუჰყვა, პატრულის კი ეშინოდა, მაგრამ ძალიან წვიმდა, მე კიდე მეჩქარებოდა. ხიდი გამოჩნდა თუ არა გააჩერა, აქედან უკვე შენით გაუყევი ფეხითო... 

მე გადმოვედი და დავიბენი. დიდი ხანია ქალაქის ამ უბანში არ ვყოფილვარ. ხიდი არ დამხვდა. არა, როგორ არ დამხვდა, მაგრამ ხიდამდე ისეთი ფორმის და ზომის კონსტრუქციას გადავეყარე, თავი და ბოლო ვეღარ გავუგე საკუთარ მარშრუტს. თითქოს მდინარე მტკვრიდან იყო ამოზრდილი ეს უცნობი კონსტრუქცია, ხალხი კი ზედ არხეინად დადიოდა და მუშაობდა. მერე ხიდიც დავინახე და გამახსენდა, რომ მტკვართან ამ ახალ ნაგებობას არავითარი კავშირი არ ჰქონდა და ის მიწაზე მყარად იდგა, ჩემი ნაცნობი ხიდი კი მის უკან, ძველებურად, თავის ადგილას მდებარეობდა. 

სხვა გზა არ მქონდა, ეს კონსტრუქცია, რომელიც ძალიან მაშინებდა, უნდა გადამევლო, რომ ხიდზე აღმოვჩენილიყავი. მეც დავადე თავი და ქვებზე, ხრეშსა და ქვიშაში ძრომიალი დავიწყე. თან წვიმდა, გაუჩერებლად, ამიტომ დანიშნულების ადგილს აბსოლუტურად სველმა და ტალახში ამოგანგლულმა მივაღწიე. ერთი სიტყვით ძალიან გავმწარდი. „ნუ რას აშენებენ ეხლა ისეთს რომ ადამიანი ამ მდგომარეობაში ჩააგდონ??“ ვფიქრობდი ჩემთვის და სულ აღარ მაინტერესებდა მარჯანიშვილის რეკონსტრუქცია და ქალაქის მომავალი, ახალი სახე. მერე უცებ მივხვდი, რომ ბარიკადებს, რომელიც გამოვიარე, მარჯანიშვილის რეკონსტუქციასთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდა. 

დავინტერესდი, „ისე, ნეტა რას აშენებენ?“ და დავბრუნდი უკან. საშიში ნაგებობის ზედ ცენტრში დავდექი და მიმოვიხედე. კაცები ტრიალებდნენ საქმიანად და უცნაურად მიყურებდნენ. მე არც წინ მივდიოდი და არც უკან. ვიდექი. კიდევ რომ გამომხედეს დაბნეულებმა, შემრცხვა და საქმიანი სახე მივიღე. პირველივე შემხვედრ მამაკაცთან მივაჭერი და უფროსი ვიკითხე...

 ბატონი თემურ რეხვიაშვილი თავის ოფისში იჯდა. ოფისი ხრეშში ჩადგმულ პატარა ოთხკუთხედ ნაგებობას ეწოდება, რომელიც 5-6 ცალი დგას მშებებლობაზე. ბატონი თემური ტელეფონზე ლაპარაკობდა, მისი მეგობარი, რომელიც მასთან ამჟამად სტუმრად იმყოფებოდა, ყავას მიირთმევდა. მაგიდაზე გადაშლილ უამრავ, ფართე ნახაზებს რამდენიმე ასისტენტი ჩაჰკირკიტებდა, ქალი მდივანი კი სწრაფი ტემპით ერთდროულად ტელეფონს პასუხობდა და ფაქსებს აგზავნიდა. დამსვეს.  ბატონი თემური მკაცრი მეგონა, მაგრამ შევცდი. ტელეფონი დაკიდა თუ არა ყავა შემომთავაზა.  ცოტა გავიხსენი. 

მე “Black Sea Group” - ის მშენებლობაზე ვიმყოფებოდი, რომელიც სატრანსპორტო გვირაბს აშენებს. მშენებლობა 10 თებერვალს დაიწყო და სექტემბრის დასაწყისში დასრულდება. ქალაქის ამ ნაწილში ხშირად იქმნებოდა საცობი, ამიტომ განტვირთვის მიზნით ქალაქ მერიამ და “Black Sea Group”- მა ახალი ესტაკადის მშენებლობა დაიწყეს. პროექტის დასრულების შემდეგ, ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპირო ცალმხრივი გახდება, გვირაბში ორმხრივად იმოძრავებს მანქანები, ერთი ცალმხრივი გზით კი ტრანსპორტი მარჯანიშვილის ხიდს დაუკავშირდება. ეს ყოველივე კი როგორც ბატონმა თემურმა და მისმა მეგობარმა ამიხსნეს, განტვირთავს მოძრაობას. სამწუხაროდ, მეგობარმა ვინაობა არ გამიმხილა, თუმცა მთელი მშენებლობა სწორედ მან დამათვალიერებინა და ნახაზებშიც კი ჩამახედა.

 პირველ რიგში უცნაური მეტალის ფარდით დავინეტერესდი, რომელიც ჩემთვის საშიშ კონსტრუქციას თავიდან ბოლომდე გაჰყვებოდა და ძირამდე ფარავდა. ეს „ჯეოტესტი“ ყოფილა. ე.წ. ფარდა, რომელიც იცავს ნაგებობას წყლისა და ნესტისგან. მას საქართველოში პირველად  “Black Sea Group”- იყენებს. ჯერ-ჯერობით მხოლოდ გვირაბის ნახევარი არის შემოსილი „ფარდით“, რომელიც შემდეგ ბეტონით საგულდაგულოდ დაიფარება. მშენებლობაზე ბევრი სხვადასხვა, უზარმაზარი მანქანა მუშაობს ერთდროულად: ექსკავატორი, ავტოთვითმსვლელი, „კატოკი“, „ბულდოზერი“, ბეტონამრევი და „პომპა“. ყველა მანქანა ტექნიკის უფროსს აბარია, რომლის მოვალეობაა გათხრების სწორად ჩატარება. 

სულ 150 ადამიანი არის დასაქმებული, ასაკობრივი ბარიერის გარეშე. მუშაობას დილის 8 საათზე თათბირით იწყებენ. სამუშაო ნაწილდება და მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ ყველა თავის საქმეს იწყებს. დღეში ერთი საათი ისვენებენ და იქვე რესტორანში ერთად სადილობენ. სამუშაო დღე 7-8 საათზე სრულდება. თვიური ანაზღაურება 800 ლარიდან იწყება და იზრდება, დაკისრებული სამუშაოს მიხედვით. ყველას სხვადასხვა ფერის ფორმა აცვია. ოსტატს და დაცვის თანამშრომელს მწვანე, ხოლო იმ მუშას, რომელიც კონკრეტულ საქმეზე არ მუშაობს და ნებისმიერი საქმის შესრულება ავალია, ნარინჯისფერი. 

ერთი შეხედვით, დროს მხიარულად ატარებენ. ბატონი იურა, 70 წელს გადაჭარბებული მამაკაცი ბევრს ხუმრობს, მუშაობას ახალ ნაცნობთან ურთიერთობა ურჩევნია და დროს წელავს, რომ საქმეს გვიან დაუბრუნდეს. ამასობაში გიორგი, ყველაზე კონტაქტური და აქტიური წვრილად აღწერს საკუთარ საქმიანობას. მის გვერდზე მდგომი ბიჭი, მეტსახელად ობამა, წარბშეკრული დგას, კითხვებზე პასუხს არ მცემს და უბღვერს ყველას, ვინც რაიმე ინფორმაციას მაწვდის. გიორგი ობამას ამშვიდებს და უხსნის, რომ ინფორმაციას მხოლოდ იმიტომ მიმხელს, რომ წასვლისას ტელეფონის ნომერი დავუტო. 

გიორგი ოცი წლის არის, დუშეთიდან თხუთმეტი წლის წინ ჩამოვიდა თბილისში. სკოლის შემდეგ სწავლა აღარ გაუგრძელებია. ბავშობიდან მამას ეხმარებოდა და ოსტატის ხელობა ასე ისწვალა. სამი წელია “Black Sea Group”- ში მუშაობს და ძალიან კმაყოფილია პირობებით. ოჯახში ოთხნი ცხოვრობენ. თვიურ ანაზღაურებას, ათას ხუთას ლარს მათაც უზიარებს, თუმცა კომუნალური გადასახადები მას არ ეხება. 

დღეს მარცხენა კედლის „ფარდა“ უნდა ააშენოს. ობამა აჩქარებს, ცდილობს დროზე გამარიდოს. ამასობაში მხიარული ბატონი იურა უკვე შეუდგა საქმიანობას. ნელ-ნელა გარს შემოკრებილი ხალხი მეცლება. საქმე აქვთ. მანქანებიც აამუშავეს. წინ ვიხედები და ეს კონსტრუქცია უკვე ისეთი საშიში აღარ არის, როგორც თავიდან. ჩემი ტალახიანი შარვალიც ისე აღარ მაღიზიანებს. წამოსვლის დროა. ნომერს ვუტოვებ ახალ ნაცნობებს და ქვებზე, ხრეშსა და ქვიშაში ძრომიალით უკან ვბრუნდები.

საუზმე



დილის ცხრა საათზე, ქავთარაძის ქუჩიდან საკუთარ ბინას ექვსკაციანი ჯგუფი უბრუნდება. მათ მთელი ღამე „იბერია 2012“-ში გაატარეს. სამ დღე-ღამეში ერთხელ ისინი დღისით ბარგდებიან და მეორე დილამდე ემშვიდობებიან ოჯახს. არც ზარს ელოდებიან, რომ გაჩენილი ხანძარი ჩააქრონ, არც ქუჩაში დადიან მანქანით რომ უსაფრთხოება უზრუნველყონ და არც ადამიანის ჯანმრთელობის სამსახურში დგანან მთელი ღამის განმავლობაში. ისინი ტანსაცმელს იცვლიან, თმას იკრავენ, ხელებს საგულდაგულოდ ისუფთავებენ და იწყებენ მუშაობას. რას აკეთებენ? აცხობენ პურს.

„დავიწყეთ?“  - კითხულობს მორიგე მამუკა, „დავიწყეთ“  - პასუხობს ჯგუფი და ღუმელის გუგუნსა და გაუსაძლის სიცხეში პროცესი იწყება. აქ ყველას საკუთარი საქმე აქვს და კონკრეტული სახელი ჰქვია. პირველი, მეცომე იწყებს მუშაობას. მრგვალ, განიერ აპარატში მოთავსებულია ძალიან დიდი ცომის გუნდა, რომელსაც ის აზავებს მარილით, საფუარით და წყლით. საზელი აპარატი იწყებს ტრიალს, ანუ იწყება ცომის ზელვა. მეცომეს ყველაზე რთული სამუშაო აქვს. როგორც კი ოცი წუთი გავა და ცომი სასურველ მდგომარებას მიაღწევს, ის ხელით იღებს ცომის მძიმე მასას, ანაწევრებს და საჭრელ აპარატში დებს. ეს აპარატიც  ტრიალს იწყებს და დანაწევრებული ცომის გუნდები ნელ-ნელა მრგვალდება.

 სანამ პირველ მეცომეს ცომი საჭრელ აპარატში გადმოაქვს, საქმეს მეორე მეცომე უერთდება. დანაწევრებულ და დამრგვალებულ ბურთულებს დიდ უნუქის ლანგარზე აწყობს რათა გუნდები „მოეშვას“. ასე უწოდებენ ერთსაათიან პროცესს, რმოლის დროსაც ცომის გუნდები იკვრება და ყველა იმ კომპონენტს ითვისებს, რომელიც მას პირველმა მეცომემ შეუზავა. როცა ცომის გუნდები „დაისვენებენ“ და „მოეშვებიან“ მეყალიბე ქალების დრო მოდის. ისინი თითო გუნდას ხელით სასურველ ფორმას აძლევენ - გვირილის, აგურის, ჰოთ-დოგის და ა.შ.

ფორმირებული ცომით სავსე ლანგრები სპეციალურ კონტეინერზე ლაგდება და მიდის „დასაყოვნებლად“, რომელიც ცომის უკვე საკუთარ საბოლოო ფორმასთან  შესაგუებელი და ცომის ამოსასვლელი პროცესია. ამ ყველაფრის შემდეგ უკვე ღუმელის და მეღუმელეს საქმის დრო დგება. პირველ რიგში ღუმელში ცომი ინამება 25 წუთის მანძილზე და ამის შემდეგ უკვე იწყება ცხობა. ყველა სახეობის პურს სხვადასხვა ცხობის რეჟიმი აქვს, მაგრამ თითო პურის დასამზადებლად დაახლოებით სამსაათნახევარი არის საჭირო. როგორც კი ცხობის დრო ამოიწურება და ღუმელის ზარი დარეკავს, ცხელ-ცხელი პურები ჰაერზე გამოდის და იწყებს გაგრილებას. გაგრილებულ პურებს კი დამხარისხებელი ახარისხებს მაშინ, როდესაც პირველმა მეცომემ უკვე კარგა ხანია დაიწყო ცომის ზელვა...

აქ ყველა თავის საქმეშია ჩართული. ბევრს არ ლაპარაკობენ -  ერთი შეცდომა და ისინი იმ 25 ლარსაც ვერ მიიღებენ, რასაც ღამეში გამოიმუშავებენ. ენერგიას ზოგავენ, რადგან დღე-ღამეში რამდენჯერმე უწევთ ერთი და იგივე ფიზიკური საქმის კეთება. ცომთან თითქოს ყველას საკუთარი, პირადი ურთიერთობა აქვს და შენც, მათი შემყურე ნელ-ნელა ამ ურთიერთობების მონაწილე ხდები. მონაწილე პროცესისა, სადაც თეთრი ბურთულები ხელიდან ხელში გადადის და  უფორმო მასა ლამაზ, გემრიელ საკვებად იქცევა. აქ ვერ ნახავთ  წარწერას “No Smoking” ან „უცხო პირთა შესვლა აკრძალულია“, რადგან კარებებზე გამოკრულია თხოვნა „ფქვილიანი ხელებით ოთახში ნუ შემოხვალთ!!!“

თენდება. პურით დატვირთული მანქანები მაღაზიებისკენ მიემართება. მაღაზიები იხსნება და მათი დახლები პირველ რიგში პურით ივსება. თბილისი იღვიძებს და იმ პურს შეექცევა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში „იბერია 2012“- ში ცხვებოდა.

პირველი დღე



ლუკას!!

როგორც იქნა მოვახერხე ფეისბუქზე შემოსვლა...

თბილისში ისე ცხელა, აეროპორტიდან რომ გამოვედი ძლივს ჩავისუნთქე. დილის 3 საათზეც კი საშინელი ჩახუთულობა იყო. სიცხეზე რომ ვწუწუნებ, ყველა მპასუხობს, ქვაბივით არის ეს ქალაქიო. გარშემო სულ მთები აქვს და თან მიწის ქვეშ ცხელი წყალი გადისო იჩემებენ.

რამაზი აეროპორტში დამხვდა, ბიანკამ რომ მომცა ნომერი, აი ის რამაზი. დამტვრეული რუსულ-ინგლისურით ლაპარაკობს, სასაცილოდ. მთელი გზა საქართველოზე მიყვებოდა, რამდენ კუთხედ არის დაყოფილი და ვის როგორი დიალექტი აქვს. 

სახლში რომ მივედით, ყველას ეძინა. ხის დიდი სახლია, ერთი გრძელი აივნით, ბევრი სხვადასხვა ოჯახის საერთო აივანია. ძალიან პატარა სახლები აქვთ. ვიწრო ოთახებით. მე შესასვლელ ოთახში დამაძინა რამაზმა. ძილის წინ ჯერ ღვინოს მთავაზობდა, დაღლილს უკეთ დაგეძინებაო, მერე საზამთროს, გაგრილდებიო. მაგრამ ლოგინზე მივწექი თუ არა ჩამეძინა.

საშინელი ხმაურია. შეიძლება ტვინი გაგისკდეს. უზარმაზარი ღია ფანჯრებია, რომლებიც ამ საერთო აივანზე გადის, სადაც ბავშვები დარბიან  წინ და უკან. ქალები რატომღაც დილიდანვე მეტალის ქვაბებს არახუნებენ და ყვირიან. სულ ყვირიან ყველანი, ქალებიც და კაცებიც.

მეძინა და ეს საშინელი ხმები ჩამესმოდა. ნელ-ნელა ვიღვიძებდი და უცებ რაღაც დამახტა თავზე. რამაზის შვილიშვილი მარი. რვა წლის არის, ძალიან  სასაცილო გოგოა, უზომოდ გამხდარი, სხვადასხვა ზომის ორი ნაწნავით. წინა კბილები რომ არა აქვთ ხო იცი, აი მაგ ასაკშია. ფაქტიურად ტიტველი დარბის, ისეთი მოკლე შორტები და მაიკა აცვია. დამახტა თავზე, ისტერიულად მელაპარაკება ქართულად და თან იცინის.

მერე დედამისი მოვარდა და გაათრია. ოღონდ ვერ ვიჯერებდი რომ დედამისი იყო. 23 წლის არის და 8 წლის შვილი ყავს, წარმოიდგინე! ეცა ამ მარის და დაუწყო კივილი. ეზოში გააგდო. არცერთი სიტყვა არ იცის ინგლისურად და ძალიან მორიდებულად მიღიმის სულ. ხელს გულმკერდზე ირტყავდა და „სალომე, სალომე“ იძახდა, მერე იგივენაირად თითით პირზე მაჩვენებდა, ანუ არ გშიაო? ძალიან განცვიფრებული ვიყავი თავიდან. ეს გოგო ჟესტებით მანიშნებდა რაღაცეებს,  ძალიან სქელი ქალები ქვაბებით შემორბოდნენ და ამ სალომეს კითხვებს უსვამდნენ ხმამაღლა, თან ყველა იცინოდა და მე მიყურებდა, რამაზიც არ ჩანდა. მერე მეც ჟესტებით ვანიშნე სააბაზანათქო და შევედი. 

ძალიან ვიწრო, ჟანგიანი აბაზანაა, თან სულ წყლის ხმა ისმის, ყველა მხრიდან რაღაც წვეთავს. მოვახერხე და ვიბანავე. გამოვედი, მოსახარში ყავა დამალევინეს, და ნელ-ნელა აზრზე მოვედი.

დღეს საღამოს უკვე მომწონს აქაურობა. თავიდან დასტრესილი ვიყავი. სახლი ძალიან ნათელია და უამრავი ნივთი ყრია. ძველებური დოქები უწყვიათ ფანჯრის რაფებზე და ფერადი ბალიშები ლოგინებზე. სახლი ძალიან სარემონტოა. წვიმის დროს წყალიც კიჩამოდის, ლაქებია კედლებზე! წარმოიდგინე, ერთი მაგიდის ფეხს დაკუჭული ქაღალდი აქვს შედგმული, წონასწორობის დასაცავად. პოსტერები აქვთ შიგადაშიგ გაკრული, „როკის“, „ტიტანიკის“ და ადრიანო ჩელენტანოსი. ისე არ უხდება ამ ძველებურ ნივთებს. დანგრეულ სახლში უცებ  შეიძლება გერმანულ მიქსერს და უახლეს DVD - ს წააწყდე, მაგარი აბურდულობაა. თან ამ რამაზს ირემი მოუკლავს ახალგაზრდობაში და იმის რქები აქვთ კედელზე ჩამოკიდებული, საშინელი სანახავია. 

მაგრამ ძალიან თბილი ხალხია.

ეზოში ჩამიყავანა სალომემ, სანამ კაცები მოვლენ აქ იჯექი და თავი გაირთეო - მეზობელმა ბიჭმა მითარგმნა მისი სიტყვები. ვერ წარმოიდგენ რამდენი ბავშვი დარბის, ბადმინგტონს და რაღაცეებს თამაშობენ. ყველა სხვადასხვა ოჯახის ფანჯრიდან სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემის ხმა გამოდის. სამი ბიჭი მთელი დღეა ერთ ადგილას დგას. იცინიან, იფურთხებიან და დროდადრო ერთერთ მანქანაში მუსიკას რთავენ. შენხელები არიან დაახლოებით, მაგრამ ორს რატომღაც წინა კბილები  უკვე აღარ აქვს. არცერთი არ შემოსულა კონტაქტში საერთოდ, ძალიან უცნაურები არიან.

ეს ბიჭი, სალომეს თარჯიმანი როა, სადღაც 14 წლის არის. მთელი დღეა გვერდით მიზის და კითხევბს მისვავს ავსტრიაზე. პროგრამისტობა უნდა და მთელი დღე კომპიუტერთან ზის თურმე. მაგან მითხრა, რომ ეს ქალები მეტალის ქვავებს რომ არახუნებენ მთელი დღე, თურმე ჩემს გამო ყოფილა! საღამოსთვის საჭმელს ამზადებენ, შენი ჩამოსვლა უნდა ავღნიშნოთო. რამაზი, თავისი შვილთან ერთად ღვინის მოსატანად წასულა. ამ ბიჭმა მომატარა მთელი სახლი, ყველას ოჯახში შემიყვანა. ყველა სახლი ზუსტად ისეთივეა, როგორიც რამაზის. რატომღაც ძალიან ბედნიერები მხვდებიან, მეხუტებიან და ყველა საჭმელს მთავაზობს. „ის გასინჯა? ეს ჭამა? იქ იყო?“ - ამ კითხვებს მისვავენ თურმე. ჩვენხელა გოგოები ძალიან მორიდებით მელაპარაკებიან, ეღიმებათ და ერთმანეთში ჩურჩულებენ, გეგონება გავიგებ რას ამბობენ.

ამასობაში რამაზიც მოვიდა, უზარმაზარი დოქებით და უნდა გენახა რა დაიწყო. მთელი ეზო, იმ უცნაური ბიჭების ჩათვლით ზევით ქვევით დარბის, მაგიდები ჩამოაქვთ, ქალებს ყველას საკუთარი სახლიდან ჭურჭელი გამოაქვს. კაცები ღვინით არიან ძირითადად დაკავებულები და დანარჩენს ყველაფერს ქალები აკეთებენ. გამოაქვთ და გამოაქვთ საჭმელი, ძალიან კარგად კი გამოიყურება ყველა, რომ შევჭამ მერე გეტყვი როგორია, ვიცი რომ ეგ ყველაზე ძალიან გაინტერესებს:)))

მგონია, რომ ამ ხალხს უბრალოდ მიზეზი უნდა მისცე რომ იმხიარულოს, ისეთი გაჭირვებულები არიან, ვერ ვხვდები ამდენი საჭმლის ფული საიდან მოიტანეს. ამის ფული ყველა ოჯახში არისო, მითხრა პროგრამისტმა. ეხლაც სუფრას აწყობენ და ხმაურობენ. იმდენი საჭმელია კიდე გამოსატანი, მივხვდი რომ მოვასწრებდი შენთვის მოწერას. უცებ დამსვა პროგრამისტმა ინტერნეტთან. 

გაოცებული ვარ სულ, მაგრამ კომფორტულად ვარ. ძალიან საინტერესო საღამო მელის ვგრძნობ. ხვალ დილით კიდევ მოგწერ, თორემ მერე ქალაქგარეთ ეკლესიები უნდა დავათვალიეროთ. 

შენც უნდა ჩამოხვიდე აქ! გავიქეცი ეხლა, მომიკითხე ბიანკა!

დროებით,
ფილიპი

ინტერვიუ დათო მაღრაძესთან


„შენა ხარ ჩემი ფიქრის ნაღები
და შენზე წერა ჩემი ბედია,
ამიტომ ვყვირი ყელის ძარღვებით:
-         თავისუფლება ბინძურ მედიას!“


„ჩაის სახლი“ თითქმის ცარიელია. ფანჯარასთან ორნი სხედან, კაცები. დათო ყავის ჭიქას იღებს, დროებით ემშვიდობება მაგიდასთან მჯდომ მეგობარს და ოფიციანტს ანიშნებს, რომ ჩემთან ერთად სხვა მაგიდაზე დაჯდება. ოფიციანტიც შინაურულად უღიმის. 

დათო მაღრაძეს ძალიან უყვარს კაფეში ყოფნა. მეგობრებთან ერთადაც და მარტოც. აქაც, საკუთარი ანგარიში აქვს გახსნილი და პირველ კითხვას ის სვამს:

- რას დალევ?

ყავის სმას აგრძელებს. ბერვს ეწევა. სიგარეტს აქრობს თუ არა, მაშინვე ახალ ღერს უკიდებს. პიჯაკი აცვია, როგორც ყოველთვის ფართე ჰალსტუხი უკეთია და აქსესუარები. 

ლექსებს კაფეში არ წერს, მაგრამ არც საწერ მაგიდასთან:
-         

           ლექსი საწერ მაგიდასთან იწერება, ოღონდ არ იქმნება. არიან „ოთახის კაცები“, მაგალითად კაფკა, რომელიც წერს, რომ უნდა გაჩუმდე, გაირინდო და სამყარო თვითონ შემოვა შენში. ინდივიდუალურია. მე უნდა ვიცხოვრო! გარინდებით არ შემიძლია სამყარო შემოვიყვანო ჩემში. არ ველოდები როდის შემოვა. მეთვითონ ვეძებ...


საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმისთვის ემზადებოდნენ. ბავშვებს, ლექსიდან თითო სტროფის ზეპირად სწავლა დაავალეს. დათომ თვითონ მოიგონა ერთი სტროფი. სახლში არ დაუჯერეს:
-         

      მახსოვს, ძალიან გამეხარდა რომ არ დამიჯერეს. ვიფიქრე,  ეს ნიშნავს, რომ კარგი ლექსი გამომივიდა-მეთქი, მაგრამ თავიდანვე ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება იყო ოჯახში. განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევიათ ჩემი ლექსებისათვის. გადავრჩი. საქართველოში ორ აკორდს აიღებს ბავშვი ფორტეპიანოზე, ერთ-ორ სტრიქონს მოაბავს თავს ან ნახატში ცხოველს ცხოველს დაამსგავსებს, ყვავილს კი ყვავილს და ამას მოჰყვება საერთო აღფრთოვანება, ბავშვის გაფეტიშება, რითიც მის ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბებას უშლიან ხელს. ამ მხრივ მე მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, რომ საკუთარი ნაწერით აფრთოვანებული და დასნეულებული არასოდეს  ვყოფილვარ. პოეზიის სამყარო ნელ-ნელა იზრდებოდა. თავიდან, როგორც ყველა ბავშვისთვის, სამყარო იყო ბუნება, დედა, მშობლები... მერე გოგონაც შემოვიდა ამ სამყაროში. თვითონ ის მომენტი, ლექსი რომ ლექსს  დაემსგავსა, ასეთი გარდამტეხი წამი ალბათ არ ყოფილა, ეს დროთა განმავლობაში ხდება...ისე, ბავშობიდან ყველაზე მეტად ადამიანური ურთიერთობები მიტაცებდა. ადამიანის სულიერება ფაქიზი ნიუანსებით, ყველაფერი, რაც ურთიერთობისას იბადება. ურთიერთობებში დევს მთელი სამყარო.


ცოლი ადრეულ ასაკში მოიყვანა. ოჯახურმა ცხოვრებამ და ორმა ქალიშვილმა ბევრი ტვირთი შემოიტანა, მაგრამ როგორც ამბობს, მისი პირადი, ინდივიდუალური ცხოვრება მაინც თავისი გზით მიედინებოდა:
      

      მოვალეობისგან თავის დაღწევას არ ვცდილობდი. არც ბაზარში სიარული მეთალიკებოდა, არც პურის რიგში დგომა. ან რა არის ამაში სათაკილო, მაგრამ კაცებს არ უყვართ  მსგავსი საქმის კეთება. მე ეს ყველაფერი ტვირთად არ მიგრძვნია. ბავშვს თუ რაიმე სჭირდება, ლექსიც კარგავს მნიშვნელობას. შვილებმა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი დღესასწაული შემოიტანეს, რომელიც დღემდე გრძელდება. რაც არ უნდა დაწერო ან დახატო, ადამიანის სიცოცხლეს მაინც არ შეედრება. შვილი ადამიანის გამართლებაა.


მისი პოლიტიკური მოღვაწეობა „ეროვნული მოძრაობით“ დაიწყო.  ამას მოჰყვა პარლამენტი
და კულტურის სამინისტრო,  რაც „ვარდების რევოლუციის“ მხარდაჭერით დასრულდა. ახალ  ხელისუფლებასთან ერთად, საქართველოს ჰიმნის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, ბოლოს კი ოპოციური სულისკვეთებით წლების მანძილზე გულშემატკივრობდა ხელისფლების წინააღმდეგ ბრძოლას.
     

      პოლიტიკაში გაუსაძლისი მდგომარების გამო ჩავერთე. ვხედავდი რომ არსებული ხელისუფლება  პოლიტიკის საზღვრებს გასცდა: მახინჯ იდეოლოგიას გვთავაზობდა და გვიზღუდავდა თავისუფლებას. სახლში რომ შემოგივარდეს ყაჩაღი, ხომ ვალდებული ხარ დაიცვა შენი ოჯახი. იგივეა. მე პოლიტიკაში ყოველთვის თავდაცვის მიზნით ვერთვებოდი და როგორც კი ვხედავდი, რომ აქ აღარ ვარ საჭირო და თავი უკვე დავიცავი, მაშინვე ვეცლებოდი. როდესაც კულტურის მინისტრის პორტფელი ჩავიბარე, მზად არ ვიყავი. მქონდა ჩემი კონცეფცია, რომელიც რა თქმა უნდა, დღევანდელი გადმოსახედიდან, შეცდომებით იყო სავსე, მაგრამ სახელისუფლებო ტენდენციები, სრულიად ცდომილებაში მოდიოდა ჩემს პირად ტენდენციებთან. მაგალითად, ერთი გროში არ გამოყოფილა კულტურულ მემკვიდრეობებზე. ხურორთმოძღვარი, ფრესკის ან ხელნაწერის შემქმნელი ხომ ვერ მივა პრეზიდენტთან რაიმე თხოვნით?! ცოცხლები კი აწუხებდნენ ხელისუფლებას, ისინიც იმადლიერებდნენ მათ და ყველაზე მნიშვენლოვანს უყურადღებოდ ტოვებდნენ.     

  წერილი დავწერე პრეზიდენტის მოსაზრებების წინააღმდეგ, რამაც მისი გულისწყრომა გამოიწვია. მეც არ დავუთმე და ბოლოს გადადგომის შესახებ განცხადება გავაკეთე. ვერ ვშველოდი საქმეს და შეგუება არ მინდოდა.       

ამის შემდეგ, 2003 წელს ხალხმა ნაციონალური მოძრაობა აირჩია, რომელიც შემდეგ საქართველოს დაესხა თავს. ეს ადამიანები ხელისუფლებაში შემთხვევითობამ მოიყვანა, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას. არანაირი ინტელექტუალური რესურსი ქვეყნის მართვისა ამ ხალხს არ გააჩნდა, ამიტომ ისევ თავდაცვის დრო მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატივა, ხელისუფლების შეცვლისა არ იყო. ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ რა თქმა უნდა სხვა სერიოზულობა შესძინა თავდაცვით მოძრაობას. ის  ერთადერთი ადამიანია, ვინც თავისით მოვიდა, თავისი გონებით და ძალისმხევით. მანამდე ყველაფერი ტალღებს მოჰქონდა. ჯერ ეროვნული მოძრაობის ტალღა დამოუკიდებლობის იდეით შემართული, შემდეგ დემოკრატიის ელფერით მოსული ტალღა, მერე სტაგნაციით აღშფოთებულმა ტალღამ მესამე ხელისუფლება მოიყვანა და ბოლოს, როცა რეჟიმს ეგონა რომ ჩაბეტონდა და გაბატონდა - გამოჩნდა კაცი, რომელიც ამ მკვლელების ბრიგადებსაც კი მოერია. საერთოდ ჩვენ, სულ შეცდომებით ვიარეთ. მე რომ შემეძლოს, სულ თავდაყირა დავაყენებდი ჩემს ბიოგრაფიას. 


...და ჰიმნი..?

      ჰიმნზე კონკურსი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს გამოცხადდა. კომისიამ დაამკტიცა გერბი, დაბრუნდა ისტორიული დროშა და მელოდიაც -  ტექსტის გარეშე, უკვე დამტკიცებული იყო. რადგან გერბი და დროშა ისტორიული იყო, მე არ მინდოდა რომ ჰიმნის ტექსტი თანამედროვეობით დაწყებულიყო. ბევრს ვფიქრობდი, მინდოდა კლასიკა გამომეყენებინა. გამახსენდა ვაჟა ფშაველას წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, რომელმაც მიმიყვანა აკაკის ამ სიტყვებამდე. ეს არ იყო ჩემი მცდელობა, რომ საკუთარი ლექსი დამეტოვებინა საქართველოს ჰიმნად, უბრალოდ ტექსტი მინდოდა შემექმნა. ეს იყო შედგენილი ტექსტი და არა ჩემი სულიერი ღელვა. ვფიქრობ, რომ სწორი პოზიცია მქონდა და გაამართლა.

   
      მისმა პოეზიამ ევროპაში დიდი წარმატება მოიპოვა. ლექსები ითარგმნა თურქულ, იტალიურ და გერმანულს ენებზე. დაიმსახურა რომის პაპის ჯილდო. 2011 წელს დათო მაღრაძე შვეიცარიამ ნობელის პრემიაზე წარადგინა:
         

      იღბალი. ეს ყველაფერი იღბალია და რაც იღბალს მიღმაა, ჩემგან ამაზე ლაპარაკი უხერხული იქნება. ეხლა მოდაშია, რომ უნდა მიემსგავსო სხვას, ევროპელივით წერო. ამ დროს კი, თავისი უნიჭო მბაძველი არავის სჭირდება. მე წრფელი ვარ და ჩემს სულიერ თავგადასავალს ვწერ, რომელიც საინტერესო აღმოჩნდა მათთვის. არ არსებობს საერთაშორისო ენა, რომელზეც ისინი ცდილობენ რომ წერონ. არსებობს შენი ენა და ის ან გახდება საერთაშორისო, ან არა. ერთ მონაკვეთს გავიხსენებ ვან გოგისა და გოგენის ურთიერთობიდან... ვან გოგს მეძავი შეუყვარდება და გოგენს მოუყვება, რომ ამ ქალში არის პირველყოფილი უმანკოება, სიფაქიზე და ღვთაებრიობა. გოგენი კი მიუგებს, რომ ეს ყველაფერი თავად მასშია და სწორედ ამიტომ ხედავს ის მეძავ ქალს ასეთად...   

   არის ასეთი ლიტერატურის კრიტიკოსი, რომელმაც ჩემს წიგნს „ჯაკომო პონტი“ - პოსტმოდერნისტული გლობალიზაციის სინდისი უწოდა. მე, სიმართლე გითხრათ, არც პოსტმოდერნიზმზე მიფიქრია და არც გლობაიზაციაზე...ვერ ვიტყვი, რომ ევროპამ, სამშბობლოზე მეტად დამაფასა. როდესაც ვენეციის უნივერსიტეტში, ან ნავარას ჰაი-სქულში გიწვევენ ლექციის წასაკითხად, შენივე სასწავლებელში კი სპეცნაზს გიყენებენ და არ გიშვებენ, რა თქმა უნდა პარადოქსულია, მაგრამ მე ჩემს სამშობლოში ისეთი სიყვარული მიგრძვნია, რასაც რა თქმა უნდა, ვერაფერი შეედრება.


2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ პოსტი შესთავაზა, მაგრამ ამჯერად უარი თქვა:
        

      ჩემი ბრძოლა მიზნად არასდროს ისახავდა პოსტის დაკავებას. შესაბამისად, არც ახლა. მთავრობის სხდომის შემდეგ რა განწყობა უნდა შეგრჩეს, ან რაზე უნდა იფიქრო, რომ ლექსი დაწერო? თუმცა გამოცდილებას იღებ, თუნდაც ურთიერთობების იდუმალ სამყაროში გასარკვევად. თუ ნიჭიერი კაცი ხარ, იქაც მიაგნებ რაიმეს შენთვის საინტერესოს. მაგრამ ახლა, მთავარია ფხიზლად ვიყოთ. სხვის კეთილ ნებას არ უნდა შეატოვო შენი ქვეყანა. არ უნდა მოდუნდე, როგორც მოქალაქე.       

პირველ რიგში, მედია უნდა იყოს თავისუფალი. მედია ცრუობს, მედია ჭორაობს, მედია ადამიანს სულში უძვრება, მაგრამ მას, ყველა ეს სისაძაგლე უნდა შეეძლოს. თუ ის არ არის თავისუფალი, ბინძური იარაღი ხდება.


ოფიციანტს ახლობლურად ანიშნებს ხელით და უკანაკსნელ კითხვასაც დათო სვამს:
    
     -  ხომ მოვრჩით, ახლა მითხარი, რას მიირთმევ?