Thursday, December 20, 2012

<script src="//storify.com/MaradiaTsaava/story.js"></script><noscript>[<a href="//storify.com/MaradiaTsaava/story" target="_blank">View the story "მწვანე ცემენტი" on Storify</a>]</noscript>

Monday, November 12, 2012

შე ჩემზე ძლიერო..!


კვირაში ერთხელ მისწრებაა სოფოსთან, ქეთისთან და ელენესთან ერთად ღამის გათევა. ელენეს ქმარი იწერება, რომ ბათუმში მშვიდობით ჩავიდა. ორი წლის ანას კი უკვე სძინავს, ამიტომ სამზარეულო მთლიანად ჩვენია! არადა, დღეს ღამით მთელი სახლი ჩვენია, მაგრამ როგორც ჭეშმარიტ და სულითხორცამდე მანდილოსნებს, რა თქმა უნდა სამზარეულოს არაფერი გვირჩევნია.

ჩაისთან და კრუასანებთან ერთად მთელი ღამის მანძილზე ვლაპარაკობთ. რა თქმა უნდა ბიჭებზე. და რა თქმა უნდა ვაკრიტიკებთ მათ.

„საიდან უგროვდებათ ამდენი აგრესია...“
„ჩემი ნაცნობების 60%  ცოლს ჰღალატობს...“
„და რამდენი სცემს?“
„ან სულ მთვრალია ყველა, ან კიდევ „დაბოლილი!“
„და კიდე ლოგინში ყავა უნდა მიართვა...“

უკვე თენდება. სულ რამდენიმე საათი უნდა მეძინოს და მერე თბილისის ჩემთვის აქამდე უცნობი ადგილები უნდა დავლაშქრო. ძილ-ბურანში მივემართები დიდი დიღმის ტრასაზე.
-გოგონა, აი ეს არის დიღმის ტყე-პარკი, აქ უნდა ჩამოხვიდეთ“ - მიღიმის მძღოლი.

წვიმს, ნისლია და მე კიდევ და კიდევ უფრო ღრმად შევდივარ ამ უცნობ ტყეში. ერთი ადამიანიც  არ ჭაჭანებს შორიახლოს. მეშინია. არა, სტატიისთვის ბოლომდე უნდა მოვიარო აქაურობა, მაგრამ აშკარად ეხლა ვიღაც გადმომიხტება, უეჭველი გადმომიხტება და რა უნდა ვქნა? ვინ გაიგებს ჩემს წივილ-კივილს? ჩანთა რომ ჩავარტყა? ისე, მოვერევი ერთ კაცს? ვერა, თვითონ უფრო ადრე ჩამარტყავს!  ვინმეს მივწერ სასწრაფოდ, თუ რამეა ჩემი გვამი აქ ეძებონ...

და უცებ ჩანს ლანდი. შარვალი, მოკლე თმა და მძიმე ნაბიჯები. ვაიმე კაცია!
კაცი მოდის! უნდა გავიქცე... თუ პირიქით, არ შევიმჩნიო, ვითომ არ მეშინია და მაგაზე ძლიერი ვარ?!

-გოგონა, გზა ხომ არ აგერიათ? გასასვლელი აქედან უფრო ახლოს არის... - ნათქვამი არ ჰქონდა ადამიანს რომ მე უკვე კინწისკვირთ მივრბოდი, ბედნიერი და კმაყოფილი, რომ ამ მანიაკს ხელიდან დავუსხლტი!

და უცებ ახალი პრობლემა: ტრანსპორტში ჩასაჯდომად დიღმის მაგისტრალი ფეხით უნდა გადავკვეთო. ბენზინ-გასამართ სადგურთან მხოლოდ რამდენიმე კაცი დგას. იძულებული ვარ მათ ვკითხო, მოპირდაპირე მხარეს როგორ აღმოვჩნდე, არადა სადღაც, მაგათიც ხომ მეშინია...

-ორი კილომეტრი უნდა იარო ფეხით. მოიცა, მანქანით ვართ და დაგტოვებთ მეორე მხარეს...

აჰა! ხო ვიცოდი! ეხლა ამათ როგორღა უნდა დავუსხლტე? სამნი არიან, ჩემი ერთი ჩანთა ვეღარაფერს მიშველის... არადა როგორ მაწყობს მეორე მხარეს მათი მანქანით გადასვლა.
უარს ვეუბნები და ღიმილით უკან ვიხევ. ერთ-ერთი მიცინის და მეუბნება:

-ნუ გეშინია, არ მოგიტაცებ, ცოლი უკვე მყავს.

და რა ვითომ, ცოლი რომ ჰყავს არ უნდა შემეშინდეს მაგის მანქანაში ჩაჯდომის? მაგრამ ჭავჭავაძემდე ფეხით ხომ არ ვივლი..?

DXD-191. მესიჯი მეგობართან გაგზავნილია. ესენი რომ მომიტაცებენ, ზარს გავუშვებ. მანქანის ნომრები დაფიქსირებულია და ცოცხალს თუ ვერ მომისწრეს, მკვდარს მაინც ხომ მიპოვნიან არა?!

ვზივარ ამ სამ კაცთან ერთად და არცერთი ხმას არ იღებს. ვკანკალებ. სადღაც გადაუხვევს... ეხლა გადაუხვევს...ნომერი აკრეფილი მაქვს... მართლა უხვევს, ვაიმე! და მიჩერებს.

-აი აქ არის გაჩერება, მშვიდობით იარე - და სამი კაცი გაბადრული მიღიმის.
უი, არც ისეთი მანიაკები ყოფილან. ეხლა გაჩერებაზე ვდგევარ და უნდა ამოვიცნო ტრანსპორტის რომელი ნომერი მიმიყვანს სამსახურში. მოვიხედე და გვერდით ისევ მხოლოდ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მიდგას. უკვე იმდენი გამოვიარე, ამისი რაღას შემეშინდება. ამიტომ პირდაპირ ვეკითხები რომელი ნომერი მიდის ჭავჭავაძეზე. სამწუხაროდ, არ იცის. ერთი წუთით ვტრიალდები და ბიჭი ქრება. სად გაქრა, ეხლა აქ არ იდგა? ვაიმე, აი ეს კი ნამდვილად მანიაკია ვფიქრობ და უცებ ვიღაც ხელს მადებს მხარზე.

-ტაქსისტებს ვკითხე და პირდაპირ არცერთი ნომერი არ მიდის ვაკეში, გადაჯდომა მოუწევსო. აი ამ ნომერში ჩაჯექი და უფრო მარტივად მოხვდები ვაკეში - და ესეც მიღიმის.

და ვზივარ საბოლოოდ „მარშრუტკაში“, რომელშიც სტუდენტმა ბიჭმა ჩამსვა გაჩერებაზე, რომელთანაც სამმა ახალგაზრდა ბიჭმა მანქანით მიმიყვანა ბენზინ-გასამართი სადგურიდან, რომლისკენ გზაც შუახნის მამაკაცმა მიმითითა დიღმის პარკში, რომელიც მოხუცმა ტაქსის მძღოლმა მიმასწავლა.

ვზივარ და მეცინება ჩემს ბავშვობიდან აკვიატებულ ფემინისტურ იდეებზე. რაის გენდერული თანასწორობის მომხრე  ვარ მე, თავისთვის მდგომი კაცის რომ მეშინია? რატომ მეშინია? ესე იგი მეც მგონია რომ ის ჩემზე ძლიერია... კი! ის ჩემზე ძლიერია რადგან მას არასდროს ეშინია ჩემი, არ მეჯიბრება, არ ცდილობს დამესგავსოს ან გამითანაბრდეს და ყოველთვის პირდაპირ, დაუფარავად ამბობს და აკეთებს იმას, რაც სურს. ჩვენ კიდევ, სუსტი სქესობისგან დაკომპლექსებულნი, ვაკრიტიკებთ და ვებრძვით მათ გაუთავებლად. თან, გვეშინია პარალელურად რაც მთავარია. დავანებოთ თავი რა! რა მანიაკი, მიდის კაცი, სეირნობს თავისთვის...