ზურა მარკოზაშვილი და ანდრია ვაჭრიძე თბილისში ხუთი წლის წინ, გურჯაანიდან და საჩხერედან სასწავლებლად ჩამოვიდნენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარეს. მალევე, თბილისში საცხოვრებლად და სწავლის საფასურის გადასახდელად სამსახურის დაწყება დასჭირდათ. უნივერსიტეტმა ისინი ილიაუნის თეატრში აიყვანა სამუშაოდ, სადაც ისინი გახდნენ თეატრის „სული და გული“ - ჯანა და მარკოზა.
ორივეს 14 – 15 წლიდან სცენა იზიდავდა. ზურას ოჯახში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარებას ურჩევდნენ, ანდრია ანსამბლში ცეკვავდა. ერთხელ საჩხერეში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელწიფო დრამატული თეატრი ჩავიდა სტუმრად. პარტერში მჯომი ანდრია დაინტერესდა, როგორ ცხოვრობდა სცენაზე მოსიარულე ხალხი სცენის მიღმა, „კულისებში“. ამიტომ სკოლის დამთავრებისთანავე თბილისში, თეატრალურ უნივერსიტეტში შეიტანა საბუთები. სამჯერ სცადა ჩაბარება, მაგრამ არ მიიღეს. ზურა კი იმავე წელს იურიდიულ ფაკულტეტზე ვერ ჩაირიცხა.
ამასობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თეატრალური ცენტრი გაიხსნა. თეატრალური უნივერსიტეტისგან განსხვავებით, აქ სამსახიობო ფაკულტეტზე მიღება შიდა გამოცდების გარეშე გამოცხადდა. ორივეს, სასურველი ფაკულტეტის ჩამონათვალში ილიას უნივერისტეტიც ეწერა, ამიტომ საბოლოოდ ისინი ილიაუნის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები გახდნენ.
სახლი თბილისში არც ერთს ჰქონდა, არც მეორეს. ახლობლებთან ცხოვრობდნენ. ფულს ოჯახი აგზავნიდა სოფლიდან. სამსახურის დაწყება მალევე გახდა აუცილებელი. რეჟისორმა და თეატრალური ცენტრის ხელმძღვანელმა ოთარ ეგაძემ ანდრიას იქვე, თეატრში შესთავაზა სამუშაო სცენის მემანქანედ, რაც დეკორაციის აშენება-აწყობას მოიცავს. ამ საქმით ზურაც დაინტერესდა. ხელმძღვანელობამ არც მას უთხრა უარი და ასე დაიწყო ორივემ სამსახიბო ოსტატობასთან ერთად, დეკორაციაზე მუშაობის შესწავლა.
ანდრია პირველ შეგრძნებებს იხსენებს: „ამ საქმისადმი სიყვარული ძალიან ღრმა აღმოჩნდა. შენს ხელში იბადება სპექტაკლი. რამდენიმე ადამიანი სხდებით, ფიქრობთ ეს როგორ გაკეთდეს, ისე ხომ არ ჯობია... შენთან ერთად, პირველი კურსის სტუდენტთან ერთად რეჟისორი აკეთებს სპექტაკლს და კიდევ ერთი ცოცხალი ორგანიზმი ემატება თეატრს.“
ამასობაში ზურას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ თეატრის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება მისცა, ნელ-ნელა ანდრიაც თეატრში გადავიდა საცხოვრებლად. თანამშრომლებმა მალე ზურას მარკოზა შეარქვეს, ანდრიას კი ჯანა.
მათი საქმე საკმაოდ რთულია. სცენაზე საკუთარი ხელით უწევთ კონკრეტული სამყაროს შენება და ხანდახან, ამ სამყაროს პერსონაჟებსაც თვითონვე ქმნიან. ისეც მომხდარა, რომ თავიანთი ხელით აწყობილ დეკორაციაში, საკუთარი თავი უთამაშიათ.
გაგა გოშაძის სპექტაკლში „ოპერა მაფიოზო“ მარკოზა და ჯანა სცენის მემანქანეებად - ადრიანოდ და მარკოდ მოგვევლინენ. ზურას თქმით, იმის მიუხედავად, რომ სცენაზეც იგივე უნდა ეკეთებინათ, რასაც თეატრში ყოველდღიურად აკეთებენ, ამ პერსონაჟების შექმნა ადვილი არ იყო. მეტი ინტერესისისათვის როლები გაცვალეს. ანდრია მარკოზას თამაშობდა, ზურა კი ჯანას. მათ სცენაზე თავიანთი ნამდვილი ურთიერთობა და ხუმრობები გაათამაშეს.
დღეს ილიაუნის თეატრი მათ გარეშე ვეღარავის წარმოუდგენია. მთელი დღის განმავლობაში ისინი უვლიან სცენას, ალაგებენ დეკორაციას, შლიან, ახალს აშენებენ. მათ იციან ყოველთვის სად დევს ნებისმიერი ნივთი, ვინ გადის სცენაზე რეპეტიციას. ისინი პირველები ფლობენ ინფორმაციას როდის დაირიცხება ხელფასი, რამდენი ადამიანი დაესწრო სპექტაკლს. ისინი თეატრში ცხოვრობენ, სწავლობენ და მუშაობენ. ხელფასს ისევ აქ ხარჯავენ. ზურა ასე ფიქრობს: „როცა ძალიან გინდა რაღაც, მაშინ ყოველთვის გყოფნის ყველაფერი, მინიმალურიც კი. ოცდაოთხი საათი მსახიობებთან ერთად ხარ, სცენაზე, თეატრში ხარ! სიამოვნებით ვიცხოვრებ ასე კიდევ დიდხანს...“
