„წლების
მანძილზე ოჯახებში დაგროვილი ძველი ნივთები, ანტიკვარი, ყველაფერი - საზღვარგარეთ გადის.
საქართველოში არაფერი რჩება“ - ამბობს მშრალ
ხიდზე ძველებური ჭურჭლის გასაყიდად მისული
რომან ზაქარიაძე.
გურიაში უზარმაზარი სახლი და ოცდაცხრა წლის შვილი დატოვა, ცოლთან
ერთად კი სამუშაოდ თბილისში ჩამოვიდა. დილა მისთვის ადრე იწყება. ცოლთან, ციცოსთან
ერთად უამრავ ჭურჭელს ჩანთებში ალაგებს და მშრალ ხიდზე მოდის.
ჭურჭლის ნაწილი საკუთარი
ოჯახიდან მოაქვს, ნაწილს კი გაჭირვებულებისგან ყიდულობს იაფად. ყოველ დღე, საღამოს
6-7 საათამდე ქუჩაში სხედან რომან და ციცო ზაქარიაძეები. შეიძლება ორი კვირა ისე გავიდეს,
ვერც ერთი ნივთი გაყიდონ, მაგრამ ხანდახან უმართლებთ.
ციცო ზაქარიაძის თქმით, ადრე
უკეთესი ვაჭრობა იყო, ბოლო თვეების მანძილძე კი კლიენტმა იკლო. საერთოდ, მათი თქმით,
ამ საქმით ძალიან ძნელია თავის გატანა. ფული მხოლოდ საჭმელსა და გადასახადებზე ჰყოფნით.
თანხის დაგროვებას ან ტანსაცმლის შეძენას ამ სამუშაოთი ვერ ახერხებენ. ამას გარდა,
ბატონ რომანს განსაკუთრებულად ერთი ფაქტი აწუხებს:
„ათ ლარად რომ ვიყიდი ნივთს, უცხოელი
მოდის და ორ ლარს მთავაზობს. მე ათ ლარად მაქვს ნაყიდი და როგორ მივცე ორ ლარად...
მაგრამ ვისაც ძალიან უჭირს, ის მაინც ყიდის და ეს საქონელი გადის საზღვარგარეთ. აზერბაიჯანში,
თურქეთში, ირანში....“.
მისივე თქმით, ქართველი საქონელს ვერ ყიდულობს, რადგან საკმარისი
ფული არ აქვს. ქართველი მხოლოდ აბარებს ნივთებს.
„ზოგს ბანკის ვალი აქვს, ზოგი გადასახადებს
ვერ იხდის, ამიტომაც გამოაქვთ ქვაბი, ჭიქა, ყველაფერი, სანამ მთლიანად არ დაცლიან სახლს.
მერე სახლსაც ყიდიან და რჩებიან ასე ჰაერში. ქართველი „კაპიკიან“ ქვაბს თუ იყიდის საჭმლის
გასაკეთებლად, თორე დანარჩენი მთელი ქართული ძვირფასი ნივთები უცხოელებს მიაქვთ.“
- განიცდის რომან ზაქარიაძე.
ნელ-ნელა
წვიმას იწყებს და ამიტომ ნივთები სწრაფად უნდა აალაგონ. გული სწდებათ. დღეს ხიდი უჩვეულოდ
სავსეა მყიდველით.
კოლექციონერი ზაური ვლადიკავკაზიდან თბილისში სპეციალურად მშრალი
ხიდის დასათვალიერებლად ჩამოვიდა. ის ძველებურ ჭურჭელს, იარაღსა და კერამიკას აგროვებს.
ამობს, რომ მოსვლისთანავე სახლში იგრძნო თავი.
„ეს ადგილი სამოთხეა კოლექციონერისთვის.
აქ ყველა სახის ნივთია: ქართული, საბჭოთა, რუსული. პირი ღია მრჩება!“ - ამბობს კოლექციონერი
და ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად მოასწროს ყველა ნივთისთვის თვალის შევლება.
ფოტოები ძველებურ ჩარჩოში, სამკაულები, ძველი წიგნები,
დროშები, ძველი ფოტოაპარატები, ფარდაგები, დოქები, ნაქსოვი წინდები... აქ ძალიან ძველი
სათამაშოს თავსაც კი შეიძლება წააწყდეთ. ყველაზე ხშირად სხვადასხვა ქვეყნის ფულს და
ძველებურ მედალიონებს შეხვდებით.
მიწაზე გაშლილ ერთ-ერთ „დახლზე“ უამრავი ფერადი შუშა,
ნათურა და სარკის ნაწილი აწყვია, რაც წვიმის წვეთებსა და მზის სხივებს ირეკლავს. არკად
ბერიძე ჭაღის ნაწილებს ყიდის. მეოთხე დღეა არცერთი თეთრი არ აუღია. ვერაფერი გაყიდა.
ამბობს რომ თუნდაც ერთი წყვილი ფეხსაცმლის შესაძენად ხუთი-ექვსი თვის მანძლზე შეიძლება დასჭირდეს მუშაობა. მისი ნივთები ძვირფასია,
მაგრამ ხანდახან ათას ლარიან ჭაღს ას ლარად უტოვებენ. გული სწყდება, ძვირფას ნივთებს
რომ ამდენად დაბალ ფასში ჰყიდის. ყველაზე რთული მისთვის ანტიკვარული შუშისა და იოლად
მსხვერვადი ნივთების ყოველდღიურად აქეთ-იქით ტარებაა, რადგან გზაში ნივთები ხშირად
იმსხვრევა. საბედნიეროდ, იქვე, ხეზეა მიყუდებული მისი „ლურჯა“. ასე უწოდებს ურიკას,
რომლითაც ყოველდღიურად ჭაღის ნაწილები სახლიდან მშრალი ხიდისკენ მოაქვს. ახლოს ცხოვრობს,
რამდენიმე შესახვევში. საკუთარ საქმეს თევზაობას ადარებს.
„აქ ბედია მთავარი. კარგი
ბედი უნდა გქონდეს და გაგიმართლოს. თან მტაცებელიც უნდა იყო. ზოგი ისეთია, არცერთ კლიენტს
არ გაუშვებს ხელიდან. „ხიტრი“ უნდა იყო, „ხიტრი...“
არკად
ბერიძის პირდაპირ ზურა გუდიევი რუსულ, ინგლისურ და ამერიკულ მონეტებს ყიდის. მას ყველაზე
ფართე „დახლი“ აქვს, მაგრამ ისიც უკმაყოფილოა ვაჭრობით. ჩაფიქრებული დგას და ჩიბუხს
ეწევა. მას მოწიწებით ელაპარაკებიან და რჩევას ეკითხებიან. უკვე ოცდაათი წელია ამ საქმით
არის დაკავებული, ამიტომ პროფესორს უწოდებენ.
„კარგი ვაჭრობა რომ იყოს, როგორ ფიქრობ,
ამდენი მონეტა აქ მექნებოდა დალაგებული?“ - მპასუხობს წარბშეკრული და ურთიერთობაში
შემოსვლას თავს არიდებს.
მშრალ ხიდზე ყველას თავისი ადგილი აქვს. როგორც „პროფესორი“გუდიევი
ამბობს, აქ ჯუნგლების კანონი მოქმედებს. თუ სხვის ადგილს დაიკავებ, მუშტიკრივი არ აგცდება.
ახალმოსულებმა თავისუფალი ადგილი უნდა მოძებნონ, ამ შემთხვევაში „მასპინძლები“ მათ
სიხარულით დახვდებიან.
ერთი დაღმართით ქვევით, სადახლო ტერიტორია ფასიანია. ის სახელმწიფოს
არ ეკუთვნის, კერძო პირის საკუთრებაა. 85 წლის ბატონი რობერტი ყოველთვიურად 160 ლარს
იხდის. მას უფრო დიდი ნივთები დააქვს გასაყიდად: დოქები, დიდი ყანწები, ქვევრები და
ამიტომ მანქანით უწევს გადაადგილება. მისი ნივთები უფრო ძვირად იყიდება, თან როგორც
ამბობს, ფასიან ტერიტორიაზე მოვაჭრეებს მომავალში „ლილოს ბაზრობაზე“ გადაყვანას ჰპირდებიან,
ამიტომაც უღირს 160 ლარის გადახდა თვეში.
უცხოელი
დღეს მართლაც ბევრია მშრალ ხიდზე. ადამი და ვლადი სლოვაკეთიდან ჩამოვიდნენ რუსთავში
ერთი თვით. მშრალ ხიდზე დაწყობილმა ბევრმა ნივთმა მათ ბაბუების ძველი მედალიონები და
ჩაის ჭიქები გაახსენათ.
„ასეთი ადგილი ჩვენც გვაქვს, იქაც ძირითადად ძველ საბჭოთა ნივთებს
ჰყიდიან.“ - ამბობს ადამი.
იტალიელი ანდრეა
და ბრიტანელი ბეტი უფრო მეტად აღაფრთოვანა მშრალმა ხიდმა.
„ეს სრულიად ფანტასტიკური ადგილია! ტურისტისათვის
ქართული კულტურის დასათვალიერებლად საუკეთესო ვარიანტია“ - ამბობს ბეტი.
