„შენა ხარ ჩემი ფიქრის ნაღები
და შენზე წერა ჩემი ბედია,
ამიტომ ვყვირი ყელის ძარღვებით:
-
თავისუფლება ბინძურ მედიას!“
„ჩაის სახლი“ თითქმის
ცარიელია. ფანჯარასთან ორნი სხედან, კაცები. დათო ყავის ჭიქას იღებს, დროებით ემშვიდობება
მაგიდასთან მჯდომ მეგობარს და ოფიციანტს ანიშნებს, რომ ჩემთან ერთად სხვა მაგიდაზე
დაჯდება. ოფიციანტიც შინაურულად უღიმის.
დათო მაღრაძეს ძალიან უყვარს კაფეში ყოფნა.
მეგობრებთან ერთადაც და მარტოც. აქაც, საკუთარი ანგარიში აქვს გახსნილი და პირველ კითხვას
ის სვამს:
- რას დალევ?
ყავის სმას აგრძელებს.
ბერვს ეწევა. სიგარეტს აქრობს თუ არა, მაშინვე ახალ ღერს უკიდებს. პიჯაკი აცვია, როგორც ყოველთვის ფართე ჰალსტუხი
უკეთია და აქსესუარები.
ლექსებს კაფეში არ წერს, მაგრამ არც საწერ მაგიდასთან:
-
ლექსი საწერ მაგიდასთან იწერება, ოღონდ არ იქმნება. არიან „ოთახის კაცები“, მაგალითად კაფკა, რომელიც წერს, რომ უნდა გაჩუმდე, გაირინდო და სამყარო თვითონ შემოვა შენში. ინდივიდუალურია. მე უნდა ვიცხოვრო! გარინდებით არ შემიძლია სამყარო შემოვიყვანო ჩემში. არ ველოდები როდის შემოვა. მეთვითონ ვეძებ...
საბავშვო ბაღში
საახალწლო ზეიმისთვის ემზადებოდნენ. ბავშვებს, ლექსიდან თითო სტროფის ზეპირად სწავლა
დაავალეს. დათომ თვითონ მოიგონა ერთი სტროფი. სახლში არ დაუჯერეს:
-
მახსოვს, ძალიან გამეხარდა რომ არ დამიჯერეს. ვიფიქრე, ეს ნიშნავს, რომ კარგი ლექსი გამომივიდა-მეთქი, მაგრამ თავიდანვე ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება იყო ოჯახში. განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევიათ ჩემი ლექსებისათვის. გადავრჩი. საქართველოში ორ აკორდს აიღებს ბავშვი ფორტეპიანოზე, ერთ-ორ სტრიქონს მოაბავს თავს ან ნახატში ცხოველს ცხოველს დაამსგავსებს, ყვავილს კი ყვავილს და ამას მოჰყვება საერთო აღფრთოვანება, ბავშვის გაფეტიშება, რითიც მის ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბებას უშლიან ხელს. ამ მხრივ მე მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, რომ საკუთარი ნაწერით აფრთოვანებული და დასნეულებული არასოდეს ვყოფილვარ. პოეზიის სამყარო ნელ-ნელა იზრდებოდა. თავიდან, როგორც ყველა ბავშვისთვის, სამყარო იყო ბუნება, დედა, მშობლები... მერე გოგონაც შემოვიდა ამ სამყაროში. თვითონ ის მომენტი, ლექსი რომ ლექსს დაემსგავსა, ასეთი გარდამტეხი წამი ალბათ არ ყოფილა, ეს დროთა განმავლობაში ხდება...ისე, ბავშობიდან ყველაზე მეტად ადამიანური ურთიერთობები მიტაცებდა. ადამიანის სულიერება ფაქიზი ნიუანსებით, ყველაფერი, რაც ურთიერთობისას იბადება. ურთიერთობებში დევს მთელი სამყარო.
ცოლი ადრეულ ასაკში
მოიყვანა. ოჯახურმა ცხოვრებამ და ორმა ქალიშვილმა ბევრი ტვირთი შემოიტანა, მაგრამ როგორც
ამბობს, მისი პირადი, ინდივიდუალური ცხოვრება მაინც თავისი გზით მიედინებოდა:
მოვალეობისგან თავის დაღწევას არ ვცდილობდი. არც ბაზარში სიარული
მეთალიკებოდა, არც პურის რიგში დგომა. ან რა არის ამაში სათაკილო, მაგრამ კაცებს არ
უყვართ მსგავსი საქმის კეთება. მე ეს ყველაფერი
ტვირთად არ მიგრძვნია. ბავშვს თუ რაიმე სჭირდება, ლექსიც კარგავს მნიშვნელობას. შვილებმა
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი დღესასწაული შემოიტანეს, რომელიც დღემდე გრძელდება. რაც
არ უნდა დაწერო ან დახატო, ადამიანის სიცოცხლეს მაინც არ შეედრება. შვილი ადამიანის
გამართლებაა.
მისი პოლიტიკური მოღვაწეობა „ეროვნული მოძრაობით“ დაიწყო. ამას მოჰყვა პარლამენტი
და კულტურის სამინისტრო, რაც „ვარდების
რევოლუციის“ მხარდაჭერით დასრულდა. ახალ ხელისუფლებასთან ერთად, საქართველოს ჰიმნის
შექმნაში მიიღო მონაწილეობა, ბოლოს კი ოპოციური სულისკვეთებით წლების მანძილზე გულშემატკივრობდა
ხელისფლების წინააღმდეგ ბრძოლას.
პოლიტიკაში გაუსაძლისი მდგომარების გამო ჩავერთე. ვხედავდი რომ არსებული ხელისუფლება პოლიტიკის საზღვრებს გასცდა: მახინჯ იდეოლოგიას გვთავაზობდა და გვიზღუდავდა თავისუფლებას. სახლში რომ შემოგივარდეს ყაჩაღი, ხომ ვალდებული ხარ დაიცვა შენი ოჯახი. იგივეა. მე პოლიტიკაში ყოველთვის თავდაცვის მიზნით ვერთვებოდი და როგორც კი ვხედავდი, რომ აქ აღარ ვარ საჭირო და თავი უკვე დავიცავი, მაშინვე ვეცლებოდი. როდესაც კულტურის მინისტრის პორტფელი ჩავიბარე, მზად არ ვიყავი. მქონდა ჩემი კონცეფცია, რომელიც რა თქმა უნდა, დღევანდელი გადმოსახედიდან, შეცდომებით იყო სავსე, მაგრამ სახელისუფლებო ტენდენციები, სრულიად ცდომილებაში მოდიოდა ჩემს პირად ტენდენციებთან. მაგალითად, ერთი გროში არ გამოყოფილა კულტურულ მემკვიდრეობებზე. ხურორთმოძღვარი, ფრესკის ან ხელნაწერის შემქმნელი ხომ ვერ მივა პრეზიდენტთან რაიმე თხოვნით?! ცოცხლები კი აწუხებდნენ ხელისუფლებას, ისინიც იმადლიერებდნენ მათ და ყველაზე მნიშვენლოვანს უყურადღებოდ ტოვებდნენ.
წერილი დავწერე პრეზიდენტის მოსაზრებების წინააღმდეგ, რამაც მისი გულისწყრომა გამოიწვია. მეც არ დავუთმე და ბოლოს გადადგომის შესახებ განცხადება გავაკეთე. ვერ ვშველოდი საქმეს და შეგუება არ მინდოდა.
ამის შემდეგ, 2003 წელს ხალხმა ნაციონალური მოძრაობა აირჩია,
რომელიც შემდეგ საქართველოს დაესხა თავს. ეს ადამიანები ხელისუფლებაში შემთხვევითობამ
მოიყვანა, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას. არანაირი ინტელექტუალური რესურსი ქვეყნის
მართვისა ამ ხალხს არ გააჩნდა, ამიტომ ისევ თავდაცვის დრო მოვიდა, მიუხედავად იმისა,
რომ ალტერნატივა, ხელისუფლების შეცვლისა არ იყო. ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ რა თქმა
უნდა სხვა სერიოზულობა შესძინა თავდაცვით მოძრაობას. ის ერთადერთი ადამიანია, ვინც თავისით მოვიდა, თავისი
გონებით და ძალისმხევით. მანამდე ყველაფერი ტალღებს მოჰქონდა. ჯერ ეროვნული მოძრაობის
ტალღა დამოუკიდებლობის იდეით შემართული, შემდეგ დემოკრატიის ელფერით მოსული ტალღა,
მერე სტაგნაციით აღშფოთებულმა ტალღამ მესამე ხელისუფლება მოიყვანა და ბოლოს, როცა რეჟიმს
ეგონა რომ ჩაბეტონდა და გაბატონდა - გამოჩნდა კაცი, რომელიც ამ მკვლელების ბრიგადებსაც
კი მოერია. საერთოდ ჩვენ, სულ შეცდომებით ვიარეთ. მე რომ შემეძლოს, სულ
თავდაყირა დავაყენებდი ჩემს ბიოგრაფიას.
...და ჰიმნი..?
ჰიმნზე კონკურსი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს გამოცხადდა. კომისიამ დაამკტიცა გერბი, დაბრუნდა ისტორიული დროშა და მელოდიაც - ტექსტის გარეშე, უკვე დამტკიცებული იყო. რადგან გერბი და დროშა ისტორიული იყო, მე არ მინდოდა რომ ჰიმნის ტექსტი თანამედროვეობით დაწყებულიყო. ბევრს ვფიქრობდი, მინდოდა კლასიკა გამომეყენებინა. გამახსენდა ვაჟა ფშაველას წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, რომელმაც მიმიყვანა აკაკის ამ სიტყვებამდე. ეს არ იყო ჩემი მცდელობა, რომ საკუთარი ლექსი დამეტოვებინა საქართველოს ჰიმნად, უბრალოდ ტექსტი მინდოდა შემექმნა. ეს იყო შედგენილი ტექსტი და არა ჩემი სულიერი ღელვა. ვფიქრობ, რომ სწორი პოზიცია მქონდა და გაამართლა.
მისმა პოეზიამ ევროპაში დიდი წარმატება მოიპოვა. ლექსები
ითარგმნა თურქულ, იტალიურ და გერმანულს ენებზე. დაიმსახურა რომის პაპის ჯილდო.
2011 წელს დათო მაღრაძე შვეიცარიამ ნობელის პრემიაზე წარადგინა:
იღბალი. ეს ყველაფერი იღბალია და რაც იღბალს მიღმაა, ჩემგან ამაზე ლაპარაკი უხერხული იქნება. ეხლა მოდაშია, რომ უნდა მიემსგავსო სხვას, ევროპელივით წერო. ამ დროს კი, თავისი უნიჭო მბაძველი არავის სჭირდება. მე წრფელი ვარ და ჩემს სულიერ თავგადასავალს ვწერ, რომელიც საინტერესო აღმოჩნდა მათთვის. არ არსებობს საერთაშორისო ენა, რომელზეც ისინი ცდილობენ რომ წერონ. არსებობს შენი ენა და ის ან გახდება საერთაშორისო, ან არა. ერთ მონაკვეთს გავიხსენებ ვან გოგისა და გოგენის ურთიერთობიდან... ვან გოგს მეძავი შეუყვარდება და გოგენს მოუყვება, რომ ამ ქალში არის პირველყოფილი უმანკოება, სიფაქიზე და ღვთაებრიობა. გოგენი კი მიუგებს, რომ ეს ყველაფერი თავად მასშია და სწორედ ამიტომ ხედავს ის მეძავ ქალს ასეთად...
არის ასეთი ლიტერატურის კრიტიკოსი, რომელმაც ჩემს წიგნს „ჯაკომო პონტი“ - პოსტმოდერნისტული გლობალიზაციის სინდისი უწოდა. მე, სიმართლე გითხრათ, არც პოსტმოდერნიზმზე მიფიქრია და არც გლობაიზაციაზე...ვერ ვიტყვი, რომ ევროპამ, სამშბობლოზე მეტად დამაფასა. როდესაც ვენეციის უნივერსიტეტში, ან ნავარას ჰაი-სქულში გიწვევენ ლექციის წასაკითხად, შენივე სასწავლებელში კი სპეცნაზს გიყენებენ და არ გიშვებენ, რა თქმა უნდა პარადოქსულია, მაგრამ მე ჩემს სამშობლოში ისეთი სიყვარული მიგრძვნია, რასაც რა თქმა უნდა, ვერაფერი შეედრება.
2012 წლის საპარლამენტო
არჩევნების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ პოსტი შესთავაზა, მაგრამ ამჯერად უარი თქვა:
ჩემი ბრძოლა მიზნად არასდროს ისახავდა პოსტის დაკავებას. შესაბამისად, არც ახლა. მთავრობის სხდომის შემდეგ რა განწყობა უნდა შეგრჩეს, ან რაზე უნდა იფიქრო, რომ ლექსი დაწერო? თუმცა გამოცდილებას იღებ, თუნდაც ურთიერთობების იდუმალ სამყაროში გასარკვევად. თუ ნიჭიერი კაცი ხარ, იქაც მიაგნებ რაიმეს შენთვის საინტერესოს. მაგრამ ახლა, მთავარია ფხიზლად ვიყოთ. სხვის კეთილ ნებას არ უნდა შეატოვო შენი ქვეყანა. არ უნდა მოდუნდე, როგორც მოქალაქე.
პირველ რიგში, მედია უნდა იყოს თავისუფალი. მედია ცრუობს, მედია ჭორაობს, მედია ადამიანს სულში უძვრება, მაგრამ მას, ყველა ეს სისაძაგლე უნდა შეეძლოს. თუ ის არ არის თავისუფალი, ბინძური იარაღი ხდება.
ოფიციანტს ახლობლურად ანიშნებს ხელით და უკანაკსნელ კითხვასაც დათო სვამს:
- ხომ მოვრჩით, ახლა მითხარი, რას მიირთმევ?

No comments:
Post a Comment