საშინლად
წვიმდა და მაინც და მაინც ამ თავსხმაში მომიწია მარჯანიშვილზე წასვლა. ტაქსის მძღოლს
შევეცოდე და ვერის დაღმართს ბოლომდე ჩაუჰყვა, პატრულის კი ეშინოდა, მაგრამ ძალიან წვიმდა,
მე კიდე მეჩქარებოდა. ხიდი გამოჩნდა თუ არა გააჩერა, აქედან უკვე შენით გაუყევი ფეხითო...
მე გადმოვედი და დავიბენი. დიდი ხანია ქალაქის ამ უბანში არ ვყოფილვარ. ხიდი არ დამხვდა.
არა, როგორ არ დამხვდა, მაგრამ ხიდამდე ისეთი ფორმის და ზომის კონსტრუქციას გადავეყარე,
თავი და ბოლო ვეღარ გავუგე საკუთარ მარშრუტს. თითქოს მდინარე მტკვრიდან იყო ამოზრდილი
ეს უცნობი კონსტრუქცია, ხალხი კი ზედ არხეინად დადიოდა და მუშაობდა. მერე ხიდიც დავინახე
და გამახსენდა, რომ მტკვართან ამ ახალ ნაგებობას არავითარი კავშირი არ ჰქონდა და ის
მიწაზე მყარად იდგა, ჩემი ნაცნობი ხიდი კი მის უკან, ძველებურად, თავის ადგილას მდებარეობდა.
სხვა გზა არ მქონდა, ეს კონსტრუქცია, რომელიც ძალიან მაშინებდა, უნდა გადამევლო, რომ
ხიდზე აღმოვჩენილიყავი. მეც დავადე თავი და ქვებზე, ხრეშსა და ქვიშაში ძრომიალი დავიწყე.
თან წვიმდა, გაუჩერებლად, ამიტომ დანიშნულების ადგილს აბსოლუტურად სველმა და ტალახში
ამოგანგლულმა მივაღწიე. ერთი სიტყვით ძალიან გავმწარდი. „ნუ რას აშენებენ ეხლა ისეთს
რომ ადამიანი ამ მდგომარეობაში ჩააგდონ??“ ვფიქრობდი ჩემთვის და სულ აღარ მაინტერესებდა
მარჯანიშვილის რეკონსტრუქცია და ქალაქის მომავალი, ახალი სახე. მერე უცებ მივხვდი,
რომ ბარიკადებს, რომელიც გამოვიარე, მარჯანიშვილის რეკონსტუქციასთან კავშირი საერთოდ
არ ჰქონდა.
დავინტერესდი, „ისე, ნეტა რას აშენებენ?“ და დავბრუნდი უკან. საშიში ნაგებობის
ზედ ცენტრში დავდექი და მიმოვიხედე. კაცები ტრიალებდნენ საქმიანად და უცნაურად მიყურებდნენ.
მე არც წინ მივდიოდი და არც უკან. ვიდექი. კიდევ რომ გამომხედეს დაბნეულებმა, შემრცხვა
და საქმიანი სახე მივიღე. პირველივე შემხვედრ მამაკაცთან მივაჭერი და უფროსი ვიკითხე...
ბატონი თემურ რეხვიაშვილი თავის ოფისში იჯდა. ოფისი
ხრეშში ჩადგმულ პატარა ოთხკუთხედ ნაგებობას ეწოდება, რომელიც 5-6 ცალი დგას მშებებლობაზე.
ბატონი თემური ტელეფონზე ლაპარაკობდა, მისი მეგობარი, რომელიც მასთან ამჟამად სტუმრად
იმყოფებოდა, ყავას მიირთმევდა. მაგიდაზე გადაშლილ უამრავ, ფართე ნახაზებს რამდენიმე
ასისტენტი ჩაჰკირკიტებდა, ქალი მდივანი კი სწრაფი ტემპით ერთდროულად ტელეფონს პასუხობდა
და ფაქსებს აგზავნიდა. დამსვეს. ბატონი თემური
მკაცრი მეგონა, მაგრამ შევცდი. ტელეფონი დაკიდა თუ არა ყავა შემომთავაზა. ცოტა გავიხსენი.
მე “Black Sea Group” - ის მშენებლობაზე
ვიმყოფებოდი, რომელიც სატრანსპორტო გვირაბს აშენებს. მშენებლობა 10 თებერვალს დაიწყო
და სექტემბრის დასაწყისში დასრულდება. ქალაქის ამ ნაწილში ხშირად იქმნებოდა საცობი,
ამიტომ განტვირთვის მიზნით ქალაქ მერიამ და “Black Sea Group”- მა ახალი ესტაკადის
მშენებლობა დაიწყეს. პროექტის დასრულების შემდეგ, ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა
სანაპირო ცალმხრივი გახდება, გვირაბში ორმხრივად იმოძრავებს მანქანები, ერთი ცალმხრივი
გზით კი ტრანსპორტი მარჯანიშვილის ხიდს დაუკავშირდება. ეს ყოველივე კი როგორც ბატონმა
თემურმა და მისმა მეგობარმა ამიხსნეს, განტვირთავს მოძრაობას. სამწუხაროდ, მეგობარმა
ვინაობა არ გამიმხილა, თუმცა მთელი მშენებლობა სწორედ მან დამათვალიერებინა და ნახაზებშიც
კი ჩამახედა.
პირველ რიგში უცნაური მეტალის ფარდით დავინეტერესდი, რომელიც ჩემთვის
საშიშ კონსტრუქციას თავიდან ბოლომდე გაჰყვებოდა და ძირამდე ფარავდა. ეს „ჯეოტესტი“
ყოფილა. ე.წ. ფარდა, რომელიც იცავს ნაგებობას წყლისა და ნესტისგან. მას საქართველოში
პირველად “Black Sea Group”- იყენებს. ჯერ-ჯერობით
მხოლოდ გვირაბის ნახევარი არის შემოსილი „ფარდით“, რომელიც შემდეგ ბეტონით საგულდაგულოდ
დაიფარება. მშენებლობაზე ბევრი სხვადასხვა, უზარმაზარი მანქანა მუშაობს ერთდროულად:
ექსკავატორი, ავტოთვითმსვლელი, „კატოკი“, „ბულდოზერი“, ბეტონამრევი და „პომპა“. ყველა
მანქანა ტექნიკის უფროსს აბარია, რომლის მოვალეობაა გათხრების სწორად ჩატარება.
სულ
150 ადამიანი არის დასაქმებული, ასაკობრივი ბარიერის გარეშე. მუშაობას დილის 8 საათზე თათბირით იწყებენ. სამუშაო ნაწილდება და მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ ყველა თავის
საქმეს იწყებს. დღეში ერთი საათი ისვენებენ და იქვე რესტორანში ერთად სადილობენ. სამუშაო
დღე 7-8 საათზე სრულდება. თვიური ანაზღაურება 800 ლარიდან იწყება და იზრდება, დაკისრებული
სამუშაოს მიხედვით. ყველას სხვადასხვა ფერის ფორმა აცვია. ოსტატს და დაცვის თანამშრომელს
მწვანე, ხოლო იმ მუშას, რომელიც კონკრეტულ საქმეზე არ მუშაობს და ნებისმიერი საქმის
შესრულება ავალია, ნარინჯისფერი.
ერთი შეხედვით, დროს მხიარულად ატარებენ. ბატონი იურა,
70 წელს გადაჭარბებული მამაკაცი ბევრს ხუმრობს, მუშაობას ახალ ნაცნობთან ურთიერთობა
ურჩევნია და დროს წელავს, რომ საქმეს გვიან დაუბრუნდეს. ამასობაში გიორგი, ყველაზე
კონტაქტური და აქტიური წვრილად აღწერს საკუთარ საქმიანობას. მის გვერდზე მდგომი ბიჭი,
მეტსახელად ობამა, წარბშეკრული დგას, კითხვებზე პასუხს არ მცემს და უბღვერს ყველას,
ვინც რაიმე ინფორმაციას მაწვდის. გიორგი ობამას ამშვიდებს და უხსნის, რომ ინფორმაციას
მხოლოდ იმიტომ მიმხელს, რომ წასვლისას ტელეფონის ნომერი დავუტო.
გიორგი ოცი წლის არის,
დუშეთიდან თხუთმეტი წლის წინ ჩამოვიდა თბილისში. სკოლის შემდეგ სწავლა აღარ გაუგრძელებია.
ბავშობიდან მამას ეხმარებოდა და ოსტატის ხელობა ასე ისწვალა. სამი წელია “Black
Sea Group”- ში მუშაობს და ძალიან კმაყოფილია პირობებით. ოჯახში ოთხნი ცხოვრობენ. თვიურ
ანაზღაურებას, ათას ხუთას ლარს მათაც უზიარებს, თუმცა კომუნალური გადასახადები მას
არ ეხება.
დღეს მარცხენა კედლის „ფარდა“ უნდა ააშენოს. ობამა აჩქარებს, ცდილობს დროზე
გამარიდოს. ამასობაში მხიარული ბატონი იურა უკვე შეუდგა საქმიანობას. ნელ-ნელა გარს
შემოკრებილი ხალხი მეცლება. საქმე აქვთ. მანქანებიც აამუშავეს. წინ ვიხედები და ეს
კონსტრუქცია უკვე ისეთი საშიში აღარ არის, როგორც თავიდან. ჩემი ტალახიანი შარვალიც ისე აღარ მაღიზიანებს.
წამოსვლის დროა. ნომერს ვუტოვებ ახალ ნაცნობებს და ქვებზე, ხრეშსა და ქვიშაში ძრომიალით
უკან ვბრუნდები.
No comments:
Post a Comment