დილის
ცხრა საათზე, ქავთარაძის ქუჩიდან საკუთარ ბინას ექვსკაციანი ჯგუფი უბრუნდება. მათ მთელი
ღამე „იბერია 2012“-ში გაატარეს. სამ დღე-ღამეში ერთხელ ისინი დღისით ბარგდებიან და
მეორე დილამდე ემშვიდობებიან ოჯახს. არც ზარს ელოდებიან, რომ გაჩენილი ხანძარი ჩააქრონ,
არც ქუჩაში დადიან მანქანით რომ უსაფრთხოება უზრუნველყონ და არც ადამიანის ჯანმრთელობის
სამსახურში დგანან მთელი ღამის განმავლობაში. ისინი ტანსაცმელს იცვლიან, თმას იკრავენ,
ხელებს საგულდაგულოდ ისუფთავებენ და იწყებენ მუშაობას. რას აკეთებენ? აცხობენ პურს.
„დავიწყეთ?“
- კითხულობს მორიგე
მამუკა, „დავიწყეთ“ - პასუხობს ჯგუფი და ღუმელის გუგუნსა
და გაუსაძლის სიცხეში პროცესი იწყება. აქ ყველას საკუთარი საქმე აქვს და კონკრეტული
სახელი ჰქვია. პირველი, მეცომე იწყებს მუშაობას. მრგვალ, განიერ აპარატში მოთავსებულია
ძალიან დიდი ცომის გუნდა, რომელსაც ის აზავებს მარილით, საფუარით და წყლით. საზელი
აპარატი იწყებს ტრიალს, ანუ იწყება ცომის ზელვა. მეცომეს ყველაზე რთული სამუშაო აქვს.
როგორც კი ოცი წუთი გავა და ცომი სასურველ მდგომარებას მიაღწევს, ის ხელით იღებს ცომის
მძიმე მასას, ანაწევრებს და საჭრელ აპარატში დებს. ეს აპარატიც ტრიალს იწყებს და დანაწევრებული ცომის გუნდები ნელ-ნელა
მრგვალდება.
სანამ პირველ მეცომეს ცომი საჭრელ აპარატში გადმოაქვს,
საქმეს მეორე მეცომე უერთდება. დანაწევრებულ და დამრგვალებულ ბურთულებს დიდ თუნუქის ლანგარზე აწყობს რათა გუნდები „მოეშვას“. ასე
უწოდებენ ერთსაათიან პროცესს, რმოლის დროსაც ცომის გუნდები იკვრება და ყველა იმ კომპონენტს
ითვისებს, რომელიც მას პირველმა მეცომემ შეუზავა. როცა ცომის გუნდები „დაისვენებენ“
და „მოეშვებიან“ მეყალიბე ქალების დრო მოდის. ისინი თითო გუნდას ხელით სასურველ ფორმას
აძლევენ - გვირილის, აგურის, ჰოთ-დოგის და ა.შ.
ფორმირებული
ცომით სავსე ლანგრები სპეციალურ კონტეინერზე ლაგდება და მიდის „დასაყოვნებლად“, რომელიც
ცომის უკვე საკუთარ საბოლოო ფორმასთან შესაგუებელი
და ცომის ამოსასვლელი პროცესია. ამ ყველაფრის შემდეგ უკვე ღუმელის და მეღუმელეს საქმის
დრო დგება. პირველ რიგში ღუმელში ცომი ინამება 25 წუთის მანძილზე და ამის შემდეგ უკვე
იწყება ცხობა. ყველა სახეობის პურს სხვადასხვა ცხობის რეჟიმი აქვს, მაგრამ თითო პურის
დასამზადებლად დაახლოებით სამსაათნახევარი არის საჭირო. როგორც კი ცხობის დრო ამოიწურება
და ღუმელის ზარი დარეკავს, ცხელ-ცხელი პურები ჰაერზე გამოდის და იწყებს გაგრილებას.
გაგრილებულ პურებს კი დამხარისხებელი ახარისხებს მაშინ, როდესაც პირველმა მეცომემ უკვე
კარგა ხანია დაიწყო ცომის ზელვა...
თენდება.
პურით დატვირთული მანქანები მაღაზიებისკენ მიემართება. მაღაზიები იხსნება და მათი დახლები
პირველ რიგში პურით ივსება. თბილისი იღვიძებს და იმ პურს შეექცევა, რომელიც მთელი ღამის
განმავლობაში „იბერია 2012“- ში ცხვებოდა.
No comments:
Post a Comment