Tuesday, October 8, 2013

თბილისი - არასპორტული ქალაქი


„თერთმეტი წელია ამ სპორტს მივსდევ. უკვე 5 წელია მოსწავლეებიც მყავს, მაგრამ სულ რამდენიმე მათგანი ვარჯიშობს „ალპური კლუბის“ გახსნიდან დღემდე. სერიოზული პრობლემა დგას - ერი არასპორტულია.“ - ამბობს მეკლდეური გუგა დაბრუნდაშვილი.


თბილისის ტერიტორიაზე დღეს ჩვიდმეტი საცურაო აუზი, თერთმეტი სპორტული კომპლექსი და შვიდი ჩოგბურთის კორტია. ჭავჭავაძის გამზირზე დასმულ კითხვას - მისდევთ თუ არა რაიმე სახეობის სპორტს კი - ორმოცდაათი ადამიანიდან ორმოცდაათივე პასუხობს, რომ არა.


სპორტული კომპლექსი „სისაიდი“-ს ადმინისტრატორის, თაკო გამყრელიძის თქმით, აუზზე სისტემატიურად ძირითადად ოცდაათ წელს გადაცილებული კლიენტები დადიან. აქ ერთთვიანი აბონიმენტი ას ხუთი ლარი ღირს, ერთჯერადი შესვლა კი თხუთმეტი ლარი. „ვაკის საცურაო აუზის“ სტაბილური მოცურავეებიც საშუალო ასაკის არიან. აბონიმენტი ერთწლიანია და შეუზღუდავი პაკეტი სამიათას ოთხას ოთხმოცი ლარი ჯდება, ერთჯერადი შესვლა კი ოთხმოცდაათი ლარი. „კლუბი 71“-შიც ყველაზე დიდი მოთხოვნა აუზზეა, სადაც წლიური აბონიმენტი ათას ას ოთხმოცდაათი ლარი, ხოლო ერთდღიანი მომსახურება სამოცი ლარი ღირს. აქაც, აუზით უფრო მეტად საშუალო ასაკის ქალბატონები სარგებლობენ.

უფასოა კუს ტბაზე ვარჯიში, თუმცა ახალგაზრდებს, ვერც ამ ტერიტორიაზე შეხვდებით. მარინა დვალი შატბერაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს, საიდანაც კუს ტბაზე ფეხით ადის, შემდეგ კი ტბის გარშემო ბილიკს სამჯერ, ან ოთხჯერ არტყავს წრეს. 


„შვილიშვილებს სკოლაში რომ ვაცილებ, შემდეგ ყოველ დილით აქ ამოვდივარ. თავიდან, წონაში დასაკლებად დავიწყე სიარული, ეხლა კი ერთი დღეც აღარ შემიძლია რომ ჩავაგდო. ეს ადგილი ნამდვილი საჩუქარია. სუფთა ჰაერი, ბუნება და სიწყნარე ქალაქის ცენტრში. იდეალურია სავარჯიშოდ.“ - ამბობს მარინა დვალი.

სოსო თოდაძეც სამსახურამდე ყოველ დილით კუს ტბაზე ადის. დარბის და ტრენაჟორებზე ვარჯიშობს. „მე ახლოს ვცხოვრობ, ამიტომ ყოველთვის ფეხით ამოვდიოდი, მაგრამ მერე გზაზე მანქანების გამონაბოლქვმა შემაწუხა, ამიტომ ეხლა მეც მანქანით დავდივარ. ისე,  ხალხმრავლობა აქ მხოლოდ მზიან ამინდშია, როდესაც საჭორაოდ და გასარუჯად ამოდიან ხოლმე.“ - ამბობს სოსო თოდაძე.

ბავშვებით და თინეიჯერებით არის სავსე „სითი სპორტის“ ჩოგბურთის კორტები. ჩოგბურთის მოყვარულთათვის აქ ორი დახურული, ორი ხელოვნური და სამი ქვიშის კორტია. მწვრთნელის, იუზა თარხნიშვილის თქმით მოთხოვნა არც ისე მაღალია. “რაოდენობრივად ყველაზე მეტნი ხუთიდან რვა წლამდე ბავშვები არიან, მაგრამ საერთოდ, თორმეტი-ცამეტი წლის ასაკში უკვე ანებებენ თავს.“
 „სითი სპორტში“ ვარჯიში თვეში ას ორმოცი ლარი ღირს.


კორტების გვერდით ფეხბურთის მოედანია. გუნდის უფროსის, კახა კაშიას თქმით, ფეხბურთზე მეტი მოთხოვნაა, ვიდრე ჩოგბურთზე. გადასახადი თვეში სამოცი ლარია, რაშიც  ინვენტარისა და ფორმის უზრუნველყოფაც შედის. ამ მოედანზე მხოლოდ ექვსიდან  თექვსმეტ წლამდე მოზარდებს შეუძლიათ ვარჯიში.

საფეხბურთო კლუბ „თბილისი დინამოს“ ექიმი, დათო ხარაბაძე არასპორტული ცხოვრების შედეგად გამოწვეულ საშიშროებაზე ლაპარაკობს:

“არასპორტული რეჟიმი, პირველ რიგში ორგანიზმში ქოლესტერინის მომატებას იწვევს, რისი გამოვლინებაც არის ჭარბწონიანობა, სუნთქვისა და გულის პრობლემები. ეს პრობლემები კი შესაძლოა ისეთ სერიოზულ დაავადებაში გადაიზარდოს, როგორიცაა მაგალითად გულ-სისხლძარღვთა დაავადება.“



კლდეზე მცოცავი გუგა დაბრუნდაშვილის თქმით პრობლემა ინფრასტრუქტურასა და ხარისხში არ მდგომარეობს.“ რა მოთხოვნაც არის სპორტის მიმართ, ის ხარისხია. თუ დაინტერესებული ადამიანი ბევრია, დარბაზების მასშტაბი და ხარისხი თავისთავად იზრდება, შესაბამისად, პრობლემა სპორტის მიმართ დაბალ ინტერესში მდგომარეობს. რესტორანი, რესტორანი გვღუპავს ჩვენ.“ - ამბობს გუგა დაბრუნდაშვილი.